სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს, საჭიროა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება „ფეიკპიარია“.
„სააკაშვილის პოსტი რიჟვაძის განცხადებას მოჰყვა? რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში? სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს, საჭიროა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. ჯერ უნდა თქვას, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, რომელზეც უარი ვთქვიო. ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება, სერიოზულად აღვიქვათ.
ახლა ეს არის წმინდა წყლის „ფეიკპიარი“. სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ჯერ ფიზიკურად რომ დაბრუნდა, რა ქნა, ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, მერე რას იზამს, ვის დაკარგვია? დამნაშავეა სისხლის სამართლის და „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ და მხოლოდ გამოადგება, თუ მოქალაქეობას მიიღებს და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება. „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარი იქნება, რადგან ეს კაცი სიმბოლოა ბოროტების და რამდენჯერაც დაინახავს ქართველი ადამიანი მას, მიხვდება, როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი, ათასი კონტრასტი შეიძლება წარმოვიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის მეორე მხარეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.