სააკაშვილი პროდასავლური ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, 7 ნოემბერს არ მოუწყობდა ქართველ ხალხს, არ გაწირავდა უამრავ ადამიანს და დამნაშავეებს ხელს არ დააფარებდა – ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, არასდროს სჯეროდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ევროპული, პროდასავლური ღირებულებების სწამდა, რადგან პროევროპულობასთან კავშირში არ იყო ის, რა მეთოდებითაც სააკაშვილი ქვეყანას მართავდა.

გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „მთელი ცხოვრება მჯეროდა დასავლეთის იდეალების და რისთვის, რომ გავმხდარიყავი მოწმე, როგორ გაუცრუა იმედები ამ იდეალებმა უკრაინასა და საქართველოს? საკუთარ თავზე რომ აღარაფერი ვთქვა“.

გია ცაგარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე ბრუტალური მეთოდებით მართავდა საქართველოს და მისთვის და ქვეყნისთვისაც შესაბამისი შედეგი დადგა.

„არასდროს მჯეროდა, რომ სააკაშვილს ევროპული ღირებულებების სწამდა. იგი რომ პროდასავლური და ევროპული ღირებულებების ერთგული ყოფილიყო, არც 7 ნოემბერს მოუწყობდა ქართველ ხალხს, არც დანაშაულებების გამო იქნებოდა ახლა იქ, სადაც არის. არ გაწირავდა უამრავ ადამიანს, დამნაშავეებს ხელს არ დააფარებდა, არ შეიწყალებდა გირგვლიანის მკვლელებს და ა.შ. შემიძლია, ეს ჩამონათვალი საკმაოდ დიდხანს გავაგრძელო. სიტყვა ყოველთვის ერთი იყო ამ ადამიანის, ხოლო საქმე უფრო გამომხატველი იყო მისი რეალური ღირებულებებისა და რეალური შეხედულებების. ვერც ერთ შემთხვევაში სააკაშვილის ნამოქმედარს ამ ქვეყანაში პროევროპულობასთან ვერ დავაკავშირებ. როგორ და რა მეთოდებითაც მართავდა ქვეყანას, როგორ ეპყრობოდა ხალხს, პირიქით მეტყველებს იმაზე, რომ მისი შეხედულებები ძალიან შორს იყო პროდასავლური და პროევროპული შეხედულებებისგან.

რაც შეეხება მის იმ ნათქვამს, რომ პუტინმა დააკავა, თუ ჩასვა, ეს მრავალჯერ გაგვიგია და არა მხოლოდ მისგან, არამედ მისი მშობლისგანაც, მისი გულშემტკივრებისგან. არ მგონია, 7 ნოემბრის მიტინგის დარბევა ან გირგვლიანის მკვლელების შეწყალება პუტინის დავალება ყოფილიყო. ან ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე ცემა პუტინის დავალება ყოფილიყო. თუ ასეთ დავალებებს იღებდა პუტინისგან, ეს კიდევ სხვა პრობლემაა მისთვის და ქვეყნისთვის. ამ უმძიმესი და არაერთი დანაშაულის გამო იხდის სასჯელს. მას ამ ყველაფერში ბრალი მიუძღვის და კონკრეტულად ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი არაფერ შუაში არ არის. ეს ყველაფერი თემის გამძაფრებისთვისაა გაკეთებული. იმსთვის, რომ დანარჩენმა მსოფლიომ თითქოს ისე წარმოიდგინოს, რომ მას რუსეთის ხელისუფლება დევნის და იმიტომ იხდის სასჯელს ქართულ ციხეში. არადა ყველაფერი ძალიან ზედაპირზეა. ყველა ის საქმე, რომელშიც ბრალი ედება პატიმარ სააკაშვილს, რეალური და ხელშესახებია. ეს, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ მოხდა. მაგალითად, მე ერთ-ერთი პირველი დეპუტატი ვიყავი, რომელიც მყისიერად მივიდა ე.წ მიხაილოვის საავადმყოფოში, როგორც კი შევიტყვე, რომ ვალერი გელაშვილი იყო სასტიკად ნაცემი და ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ეს არ დამსიზმრებია და ეს ყურით მოთრეული თემა არ არის. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ ის არის პროევროპულად და პროდასავლურად განწყობილი, არადა ყველაზე ბრუტალური, სწორედ პუტინისტური მეთოდებით მართავდა საქართველოს და შედეგიც მისთვის და ქვეყნისთვისაც შესაბამისი დადგა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა მთავარმა არხმა დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ – გვარამია
შემდეგი სტატიაუკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან – ზელენსკი