სააკაშვილი – პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი

პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი, – აღნიშნულია მორიგ წერილში, რომელსაც საპატიმროდან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მასთან ციხეში შესასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო.

„პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან დაკავშირებით:

მე დღეს შევხვდი და ასევე წერილობითი კომუნიკაცია მქონდა ჩემი თანამებრძოლების დიდ ნაწილთან. პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი. ეს პატრიოტული მიდგომა ძალიან მახარებს.

მაგრამ აქვე ჩნდება კონკრეტული კითხვები. ჩემთან ციხეში შემოსასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამისთვის, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, კონკრეტულ მომენტში საჭიროა ხალხის მანდატით აღჭურვილი ჩვენი წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა. ამიტომ ბოიკოტი რჩება ძალაში და მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, „ქართულ ოცნებას“ მარტო დატოვებენ.

ასევე მივესალმები ბოიკოტს „ლელოს“ მხრიდან.

ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი აუცილებლად ჩავაბარებთ და ახალი, დემოკრატიული და კოალიციური პარლამენტის მანდატებზე გადავცვლით, რომელიც აუცილებლად იქნება მოქალაქეთა ინტერესების დამცველი.

ქართველმა ხალხმა ივანიშვილი დამაჯერებლად უკვე დაამარცხა.

ეს გამარჯვება უნდა გავუფორმოთ ხალხს და სწორედ ამისთვისაა საჭირო ტაქტიკურად სწორი და ზნეობრივად მართალი ნაბიჯების გადადგმა.

მთავარი ამოცანაა – სხვადასხვა ლოკაციაზე პერმანენტულ აქციებში ბევრი მოქალაქის მაღალი ჩართულობა, წუწუნისა და პესიმიზმის სრული იგნორირება და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო.

ერთობა და კიდევ ერთხელ ერთობა, მრავალფეროვანი ერთობა საქართველოსთვის!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – სააკაშვილის განცხადება ძალიან გასაგებია, უბრალოდ, პრობლემას გამოყვანა წარმოადგენს
შემდეგი სტატიადეკანოიძე: რეჟიმი ყველანაირ უფლებას ართმევს მიხეილ სააკაშვილს