საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას საკუთარ გენეტიკურ ტესტზე, ქართულ საზოგადოებასა და ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გავრცელებული ხმების გამო მან რამდენიმე წლის წინ გენეტიკური კვლევა ჩაიტარა:
„რამდენიმე წლის წინ ჩავიტარე გენეტიკური ტესტი. იმდენი მეძახეს, სომეხი ხარო, ჩავიტარე ტესტი და აღმოვჩნდი მთლიანად ქართველი, მაგრამ ეს ეთნიკური საკითხი არ არის. საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი არასდროს ყოფილა ჩმორი და მონა. ჩმორობა და მონობა უბრალოდ არ არის აქაური მაცხოვრებლების გენეტიკურ კოდში. მით უმეტეს, საქართველო არასდროს ყოფილა ერთი ოჯახის საკუთრება. ის, რაც ბაგრატიონებმაც კი ვერ შეძლეს, რანაირად უნდა მოახერხოს ივანიშვილმა“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ოპოზიციის ნაწილიც მწვავედ გააკრიტიკა და ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას გამოეხმაურა:
„სამართლიანი არჩევნების სჯერათ და ვერ გაუგიათ, უსამართლო სისტემა ზუსტად რა პრინციპით მუშაობს. ამასობაში, უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს. პარტიები კი არა, „კუტოკებია“. როგორც ჩანს, ამ იმბეცილებს სერიოზულად სჯერათ, რომ არსებულ პარტიებს გააუქმებენ, ისინი გავლენ ყველგან და იქნებიან წინა პლანზე, მე ციხეში დავრჩები, ან ქვეყნიდან გამაძევებენ და ამ დროს ვიღაც გახდება „ახალი მიშა“, — აღნიშნა სააკაშვილმა.















