საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ ფეისბუქზე წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მთავარი არხის დამფუძნებლის პატიმრობით დაზარალდა ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. მიხეილ სააკაშვილი ასევე მადლობას უხდის გუშინ, ვივა მედთან მის მხარდასაჭერად შეკრებილ ადამიანებს:
ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის ტყუილი, რომ თურმე სტრასბურგს უთქვამს, რომ მე ჯანმრთელი ვარ და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი მომხდარა.
საერთოდ მისი პატიმრობით დაზარალდა არამხოლოდ ჩემი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება.
იმედია ყველაფერი ანაზღაურდება.
დიდი მადლობა ყველას ვინც გუშინ მოვიდა ვივამედთან. მე მაძლიერებს თქვენი თანადგომა, გვახსოვდეს, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის გამოკლებით.” წერს მიხეილ სააკაშვილი
შეგახსენებთ, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედში გუშინ, პირველად მოინახულა.