სააკაშვილი: “მე მათ ყოფილ თანამებრძოლებს ვუწოდებ…”(ვიდეო)

“მე საქართველოდან ჩემი ნებით არ წავსულვარ და ის, რომ მე აქ ახლა ვაგრძელებ ბრძოლას, არ ნიშნავს, რომ საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს”, – ამის შესახებ ენმ-ს დამფუძნებელმა და ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, ენმ-ს წარმომადგენლებთან ჩართვის დროს განაცხადა.
პრეზიდენტი სააკაშვილი კიევიდან სკაიპქოლის საშუალებით ჩაერთო ენმ-ს სამეგრელოს ორგანიზაციების კონფერენციაზე, სადაც 20 იანვარს დაგეგმილი პარტიული ყრილობის ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავდნენ. შეხვედრაში 300-დე ენმ-ელი მონაწილეობდა, აქვე იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ლელა ქებურია, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ასევე, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრები, ძირითადად ისინი, ვინც პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას დაუჭირა მხარი.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თანამებრძოლებს ვერ უწოდებს მათ, ვინც “ივანიშვილის წესებით თამაში” აირჩია. სწორედ ასეთად მოიხსენია მან პარტიიდან მისი გამიჯნვის მცდელობა:

“ასეთ სიტუაციაში, როცა აქ ასეთი ბრძოლაა, როცა ამდენი ადამიანი ერთვება, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან… მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს… ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ რაღაც რყევები არსებობს, რაღაცა ის, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ასევე.

მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. და თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი ხალხის თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების იქითაც და ივანიშვილის დამარცხების იქით ვხედავ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით სახელმწიფოს აღმშენებლობის გზას“, – აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და დაამატა, რომ საკმაოდ სრულყოფილ ინფორმაციას იღებს პარტიასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე:

„მე საკმარისად ვითმინე. ბევრი რამ ვიცი: ვიცი, რა გარიგებები შედგა, რა ლაპარაკი შედგა. ტყუილად ჰგონიათ, რომ მე ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია ორი, სამი, ხუთი და მეტი წყაროდან, საკმარისზე მეტი გამოცდილებაც მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის ის, რომ ყველას ენა მოვუჩლიქო, ჩემი ამოცანა და პასუხისმგებლობაა, რომ გადაჯგუფება მოხდეს და პარტია გავაერთიანოთ ისე, რომ მან შეძლოს გამარჯვება.

დღესდღეობით იმ ხალხმა, ვიზეც მე ვსაუბრობდი, გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ ყოველთვის დავმარცხდებით. მე უარს ვამბობ დამარცხების ლოგიკის მიღებაზე, უარს ვამბობ ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაზე, ხოლო იმის გამოცხადება, რომ ჩვენ დავმარცხდებით, ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაა.

„პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს“ – ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები. რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ მის წესებს იღებთ, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან თქვენი ბრძოლა? ის, რომ უკრაინაში ამ ბოლო პერიოდში ოლიგარქების პრესამ აიტაცა – აი, საქართველოში თავისი პარტია გაემიჯნა სააკაშვილსო – ეს არის ივანიშვილთან თქვენებური ბრძოლა? მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის და მტრის გვერდზე გაწევა? მე ამას ვერ გავიზიარებ!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ამომრჩეველთა შეურაცხყოფაზეც ისაუბრა:

„რაც შეეხება სიტყვას „ჯოგი“, ჩვენ ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია და „პეროიანებმა“ თუ მიიღეს თავიანთ თავზე რამე, ეს მათი პრობლემაა. ეს ხალხი, ვინც აქ ზის, ჯოგი არ არის. საუბარია მცდელობაზე, რომ მათ დაუძახონ ჯოგი…“, – თქვა ენმ-ს დამფუძნებელმა და დაამატა, რომ ქვეყნისა და იდეების ერთგულებაზე მაღლა არაფერი დგას: „იყო ჩვენს დროს მსგავსი მიდგომა და ძალიან ბევრი წავაგეთ იმით, რომ ვფიქრობდით: შეიძლება ერთგული არ არის, მაგრამ აქვს რაღაც… არაფერი არ დგას ერთგულებაზე მაღლა: პიროვნებების ერთგულებაზე კი არა – ქვეყნის, საერთო შაქმის, იდეების ერთგულებაზე მაღლა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებული ანტიპიარის იმ დეტალსაც შეეხო, სადაც ქვეყნიდან მის წასვლაზე და უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე მახვილდება ყურადღება, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის თანამებრძოლები ვერ იქნებიან ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებული წესებით თამაშობს:

„რამდენიმე ტყუილი ითქვა – ჯერ ერთი ის, რომ თითქოს მე ჩემი ნებით წავედი საქართველოდან. თქვენ ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ მე ჩემი ნებით არ წავსულვარ და ის, რომ მე აქ ახლა ვაგრძელებ ბრძოლას, არ ნიშნავს, რომ საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს.

შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, საბოლოოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატ ლელა ქებურიასაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ის პარტიაში არც სააკაშვილისა და არც ბოკერიას გამო არ შესულა. სააკაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ტხრა ეს სიტყვები ლელა ქებურიამ მას, როცა კიევში იყო ჩასული და შეხვდა: “აი, მაშინ რომ ჩაგეხედათ ჩემთვის თვალებში და გეთქვათ, რასაც ახლა მეუბნებით, გეტყოდით იმას, რასაც ახლა გეუბნებით: უნდა შეგექმნათ სხვა პარტია, მაგალითად, ქებურიას პარტია, მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მიიღებდით 27 მანდატს? – მიიღებდით. ჩვენც მივიღებთ ნაციონალური მოძრაობის სახელით არჩევნებში მონაწილეობას და თუ ავიღებდით 5 ან 6 მანდატს (აბა რას აიღებდა მეტს „ნაციონალური მოძრაობა“ ქებურიას გარეშე), მოვიდოდით თქვენთან და გეტყოდით, გავერთიანდეთო“, – განაცხადა სააკაშვილმა და უშუალოდ ლელა ქებურიას მიმართა:

„ძვირფასო ლელა! ის ხალხი, ვისთვისაც თქვენ „პეროიანების“ წოდება გწყინთ, პარლამენტში სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა, ვისაც ახლა თავად ჯოგს ეძახიან. პარლამენტში დაჯდომიდან მეორე დღესვე ამ ხალხის ფურთხება არაა სწორი საქციელი. ამ ხალხმა დაგსვათ თქვენ პარლამენტში და არა თქვენ – ისინი. იქ დაგსვათ და თვითონ დარჩნენ უბედურებაში, უფულობაში, სიცივეში… თქვენ გაქვთ მათი ვალი ადა არა მათ – თქვენი“, – მიმართა მან ლელა ქებურიას, შემდეგ კი თანამებრძოლებს მოუწოდა, არ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა:

და თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს მოუწოდა, არ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა:

„ჩვენ არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. მე ვიცი, რომ ვიღაცეები გაყენებენ შეურაცხყოფას, მაგრამ ჩვენ იგივეთი არ უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პოლიტსაბჭო, სადაც შევა ბევრი ახალი სახე, რასაკვირველია, გამიჯნულებმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ, ასევე მათ გარშემო შეკრებილმა ხალხმაც. ჩვენ უნდა შევქმნათ ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია“, – თქვა სააკაშვილმა ჩართვის დროს.

 

წყარო: აფხაზეთის ხმა

https://youtu.be/syfCYmrGQhE

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი: მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „ხელისუფალთა ,,ბრძნულ“ წიაღსვლებზე ხალხს რეაქციაც აღარ აქვს!“