სააკაშვილი: ლაზიკის პორტის გაუქმება შეგნებული სტრატეგია იყო, ოჩამჩირის პორტით დაგვირგვინდა

ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ოჩამჩირეში რუსეთი მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზის აშენებას აპირებს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-პოსტით გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით ლაზიკის პორტის პროექტის შეჩერება და ოჩამჩირის საზღვაო ბაზა საერთო სტრატეგიის ნაწილია.

“2013 წელს ივანიშვილმა ალასანიას უთხრა: “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზეო”. სწორედ ამიტომ, “როიალ კარიბიანის” ტერმინალის და ლაზიკას პორტის პროექტის გაუქმება შეგნებული სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც ოჩამჩირის პორტით დაგვირგვინდა.

დააკვირდით, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ ბჟანიას რომ არ წამოსცდენოდა, ვერც გავიგებდით. მოსკოვს ესმის, რომ ამ პროექტით აზიანებს თავის მარიონეტებს თბილისში, მაგრამ უკრაინაში წარუმატებლობა სხვა გზას არ უტოვებს, არა უშავს, ოჩამჩირეში სულ მალე იქნება ქართულ-უკრაინული ერთობლივი საზღვაო ბაზა და ლაზიკას პორტი, ქალაქიც აშენდება და ამ საზღვაო ბაზის მიერ საიმედოდ იქნება დაცული”. – დაწერა სააკაშვილმა.

5 ოქტომბერს ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ მედია Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები – სახდეპი ახალ რუსულ კანონზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას – სალომე ზურაბიშვილი