სააკაშვილი: ხომ არ სჯობს, რომ მიუხედავად ჩემდამი თქვენი დამოკიდებულებისა, დაგმოთ წამება, წამება არა მესამე პრეზიდენტის, არამედ საქართველოს პატრიოტის

ვინც კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ ჩემი, თუნდაც აქ გამოსვლით, ვინც ჩემს „ბოდიშს“ გულწრფელად მიიჩნევთ, ვინც ჩემს აღიარებას დაშვებულ შეცდომებზე საკმარისად მიიჩნევთ და ვინც არა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო საყვარელო ხალხო, მზად ვარ გულწრფელად მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია და მზად ვარ ბოლომდე გავიზიარო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა.

მან მოქალაქეებსაც მიმართა და მის გათავისუფლებაში მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.

„მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, დაგეთანხმოთ, არ დაგეთანხმოთ. ვიმედოვნებ თქვენც კეთილსინდისიერად მომექცევით და სადაც მართალი ვარ დამეთანხმებით, „ბოდიშს“ ნამდვილად არ მოგთხოვთ. მაგრამ ვიდრე მე მასამართლებენ ბნელეთის ძალები, ვიც გაძარცვა და გაანადგურა საქართველო, ვინც ნული პროცენტი ეკონომიკური ზრდა შექმნა და შექმნა 800 ათასიანი ემიგრანტების ნაკადი, ვინც გაანადგურა საქართველო და მასამართლებენ ამ პოლიტიკური და სამარცხვინო ბრალდებით როგორც პიჯაკების ქურდს და როგორც რომელიღაც სამედიცინო პროცედურის ჩამტარებელს, ამ ფორმატში როგორ წარმოგიდგენიათ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი და დავიცვა ჩემი პოზიციები ამ შუშის იქიდან? მაგრამ ვიდრე მე აქ ვარ ჩემივე სამშობლოში, პუტინის და მისი შნირი ივანიშვილის პირადი ტყვე, მძევალი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ არის შესაძლებელი ჩემ მიერ საკუთარი სიმართლის დაცვა ან თქვენი პოზიციების გაზიარება?! მთავარი – მე ვარ წამების, არაადამიანური და დამამაცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, პირადად ივანიშვილის მიერ დაკვეთილი წამების, რომელიც არამხოლოდ ჩემ წინააღმდეგაა, ამიტომ ხომ არ სჯობს, ჯერ თქვენ დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ სჯობს, რომ თქვენ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა და ჩემი თავისუფლება, ვიდრე ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა მექნება და ამას ნამდვილად არ დაგამადლით, გავაკეთებ დიდი სიამოვნებით, სადაც ინსტრუქციებს შუშის სასახლიდან არ მიიღებენ პროცესის დროს. ხომ არ სჯობს რომ ჯერ თქვენ, მიუხედავად ჩემდამი თქვენი დამოკიდებულებისა, არა მიხეილ სააკაშვილი დაიცვათ, არამედ დაგმოთ წამება. წამება არა მესამე პრეზიდენტის, არამედ საქართველოს პატრიოტის, ქართველის, თქვენი თანამემამულის, რიგითი ქართველის, თუნდაც უკრაინის მოქალაქის, მაგრამ მაინც ქართველის. არც ჭკუას გარიგებთ, არც გამუნათებთ, არც რამეს მოვითხოვ, მაგრამ, ჩემი აზრით, სამართლიანი და კეთილსინდისიერი იქნება, თუ ჯერ თქვენ დაიწყებთ ყველაფერ ამაზე საუბარს და ჩემს გათავისუფებამდე არ დაელოდებით ჩემს ბოდიშებს, ჩემს სრულ რეაბილიტაციამდე, სრულფასოვან შესაძლებლობამდე ამ შუშიდან კი არ გისმინოთ და გესაუბროთ, არამედ დაგიჯდეთ გვერდით, ჩაგხედოთ თვალებში, მოგისმინოთ, გავიზიარო თქვენი არგუმენტები, გადაგარწმუნოთ ან ვაღიარო რომ მართლები ხართ და ალბათ, ბევრ რამეში მართლები ხართ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა სტატიაშიბასილაია: სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდება მისი მხრიდან შესაძლო თანხის გაფლანგვის ბრალდებას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა