სააკაშვილი – ივანიშვილი ის ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა

ქართველი ხალხი დაორგანიზდება და მათ გაუმკლავდება, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время– სთან ინტერვიუში კითხვაზე, რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციას გაუუქმებენ.

„ჩვენი ქმედება, რაც არ უნდა გააკეთონ, იქნება ერთი. ქართველი ხალხი დაორგანიზდება. დაუცდის კორონავირუსის ტალღის დასრულებას – ახლა საქართველოში დაავადების რიცხვით მსოფლიო რეკორდია. ჩვენ კი, არ გვსურს ჩვენი მშობლების, ბებიების, ბაბუებისა და ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობის საფრთხის წინაშე დაყენება. ქართველი ხალხი მათ გაუმკლავდება. თუ როგორ გაუმკლავდება, ამას იხილავთ. მოიმარაგეთ პოპკორნი. არავის გაუვა 2020-2021 წლებში ასე ბანალურად მიიტაცოს არჩევნები. ჩვენ ბანანის რესპუბლიკა არ ვართ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოში დაბრუნებას აპირებს, რადგან სწორედ ის ადამიანია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა. თუმცა კითხვაზე, კვლავ სურს თუ არა პრეზიდენტობა, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს „არა. მე ყოველთვის მარტივად ვამბობ უარს ნებისმიერ თანამდებობაზე“. მისივე თქმით, არ მიისწრაფის ძალაუფლებისკენ არც საქართველოში და არც უკრაინაში.

„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მე უარს ვამბობ ამ ქვეყნებში, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე“,- აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის თავს უფრო ტრენერად, რჩევების გამცემ პირად ხედავს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის მიხედვით, ოპოზიციამ არჩევნებზე 60%, ივანიშვილმა კი 40% მიიღო.

„ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხი ამას არ ეთანხმება. ბუნებრივია, ოპოზიცია ვალდებულია, დაემორჩილოს ქართველების ნებას. გამოკითხვის მიხედვით, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ამ არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგია. ვფიქრობ, რომ ვითარება მარტივი არ არის. ისევე როგორც ეს მოხდა ყირგიზეთში, ისევე როგორც მოხდა უკრაინაში, ისევე როგორც მოხდა საქართველოში 2003 წელს, ისევე როგორც ახლა ხდება ბელარუსში, ამ პარლამენტსა და ამ ხელისუფლებას ხალხი დაანგრევს, რადგან 21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ხმების ასე მიტაცებას, როგორც ეს საქართველოში მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პირველი ნაბიჯია ის, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა.

„ფაქტად ვიცი, რომ თითოეულ ოპოზიციონერს ისინი ორიდან სამ მილიონ დოლარამდე სთავაზობდნენ, რათა ისინი პარლამენტში შესულიყვნენ. ივანიშვილი ის ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა. თუმცა, საზოგადოებაში ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ ყველამ უარი თქვა ფულზე“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – დავტოვე დეპუტატობა
შემდეგი სტატიავაშაძე – მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებაში, იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან