სააკაშვილი – გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე, რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა

ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე ვაცხადებ უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს, აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი, გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და ეს ჟრიამული არ შეწყვეტილა ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე, როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, რადგან რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობისა და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა, როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით.

მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა. მინდა, ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის, არ შეგვეშინდეს ამათი, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.

პოსტ სკრიპტუმ: მიმართვა ნიკა მელიას – ვიზიარებ და სრულად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: ვადასტურებ, პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება