სააკაშვილის ადვოკატი: 10-მდე ადამიანმა, ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევის გზით მიიყვანა დაწესებულებამდე

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

უფლებადამცველმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს 10-მდე სპეცრაზმელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი პალატაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

“ის ჯოჯოხეთი რაც ამ დაწესებულებაშია, არსად მინახავს. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, გუშინ მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ბატონ აკო მინაშვილს. ამ შეხვედრის მერე დაიწყეს მისი მოტყუება, პარალელურად ატყუებდნენ კონსილიუმს, რომ პრეზიდენტი არ ჩამოდიოდა ექიმის სანახავად, პარალელურად, ოჯახის წევრებს ატყუებდნენ რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე დაკავებული იყო სხვა საქმეებით და ვერ შეხვდებოდათ.

ამასთან ერთად, მასთან მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ციხის დირექტორი ზურაბ მოდებაძე, უთხრეს რომ გადაჰყავდათ ერთ-ერთ ცენტრალურ სამოქალაქო კლინიკაში და ჩაელაგებინა ბარგი. პრეზიდენტმა სცადა დეტალებში გარკვევა, თუმცა უთხრეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ეტყოდნენ უფრო ზუსტ ინფორმაციას. პრეზიდენტი გაყვა საკუთარი ნებით, რადგან მოატყუეს კანონის ყველა ნორმის დარღვევით, რომ მიყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მან მხოლოდ აქ მოსვლის შემდეგ გაიგო, სად იმყოფებოდა.

მან ბუნებრივია უარი თქვა მანქანიდან გადმოსვლაზე, რადგან ეს არ იყო ის, რაზეც მას თანხმობა ჰქონდა გაცემული და სრული უფლება აქვს, უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე, რის შემდეგაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იძულებით, ათამდე სპეცრაზმელმა გადმოთრია ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე, რომლებსაც წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია ხელისუფლებაში მყოფმა თანამზრახველებმა. დაიწყეს მორალური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არავითარი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტზე და არც მის უფლებადამცველებზე. ეს არის სირცხვილი, ეს არის ინდიკატორი, თუ სადამდე დაეშვა ქართული სახელმწიფო.

მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა იძულებით, წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშივინ არის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილს “ჩიტი” უწოდა და აგინა
შემდეგი სტატიაბასილაია: ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით გააკეთებენ მოთხოვნას