სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოსაცხადებლად პროკურატურა ყველაფერს აკეთებს- ბადაშვილი

პროკურორი

saakashvili citeli cilkulari„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს,” – განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი აკეთებს. ბადაშვილის ინფორმაციით, ის საქმეები, რაზეც სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, სასამართლოში უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.

“მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში, ამიტომ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამჟამად მისი ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს პროკურატურამ მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე. ყველა საქმე, რაშიც სააკაშვილი ბრალდებულია, უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სასამართლოში განსახილველად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს,” – განაცხადა ბადაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარდენილი აქვს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე: პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა; გირგვლიანის საქმე; 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევა, ჯარის უკანონოდ გამოყვანა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება; საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა.

როგორც ბადაშვილი განმარტავს, სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი და 34 თეთრი.

“ჩატარებული გამოძიების დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გრიფით “საიდუმლო” განკარგულებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სსიპ “სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო” კანონიერად ვერ მოახერხებდა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების მგზავრობა, სასტუმროებში ცხოვრება, vip-მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები. ამ გზით სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8.837.431,34 ლარი,” – განაცხადა ბადაშვილმა.

რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს, ბადაშვილის განმარტებით, დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართვითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საშუალება მიეცა მიკერძოებულად და არასრულყოფილად გამოეკვლია გირგვლიანის მკვლელობის გარემოებები, დაეფარა დანაშაულის გამოწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები.

მისივე თქმით, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ საკაშვილის დავალებით, რომელსაც პირადი შურისძიება ამოძრავებდა, ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოყენებით, თავს დასხნენ გელაშვილს და სასტიკად სცემეს.

“ამის შედეგად დეპუტატმა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო,” – განაცხადა ბადაშვილმა.

რაც შეეხება პატარკაციშვილის საქმეს, მთავარი პროკურორის თქმით, დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, ხელისუფლების ყველა შტოს შეთანხმებული და ერთიანი მოქმედებით, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი და მასთან დაახლოებული პირები საინფორმაციო გადაცემების გაკონტროლების მიზნით უკანონოდ დაეუფლნენ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად ღირებულ ტელეკომპანია “იმედს,” ასევე პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებულ მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების სხვა აქტივებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას საქმის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიაავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება?