სააკაშვილი ჩვენი მეგობარია, გასათვალისწინებელია ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ აუცილებელია ამ სტრესის და ემოციების მართვა – დეკანოიძე

გასათვალისწინებელია ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ასევე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აუცილებელია ამ სტრესის და ემოციების მართვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეკანოიძის თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის შედეგი, რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს, ქვეყნისთვის მძიმე იქნება.

„არ მომისმენია გიგის განცხადება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩვენ ახლა ყველანი ვართ ძალიან მაღალი სტრესის ქვეშ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ არის მხოლოდ ოფიციალური ფიგურა ჩვენთვის, ის არის ჩვენი მეგობარი. გასათვალისწინებელია ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ასევე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აუცილებელია ამ სტრესის და ემოციების მართვა, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“ იმის ახსნა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის შედეგი, რომელიც შეიძლება, დადგეს, ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე და ცუდი. რაც შეეხება ემოციებს, ყველა საჯარო პირს, ჩემი ჩათვლით, ემოციების მართვა გვმართებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქვეყნის განვითარების ძალიან სერიოზული დაბრკოლებაა, რაზეც ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

„ეს ასევე არის პოლარიზაციის ყველაზე უფრო მაღალი ნიშნულის გამოვლინება ქვეყანაში. გამოსავალი, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ომბუდსმენი ვთავაზობთ, არის მისი გადაყვანა მესამე ქვეყანაში, რაც ასევე შეთავაზებული იყო იმ მხრივ, რომ ორგანიზაცია ჩართული იყოს ამ მიმართულებით, რადგან პოლიტიკური მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა არის ერთი მიმართულება, რაზეც მუშაობს ეუთო/ოდირი. შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იყოს განხილული და მათ შორის, ის, რაც მათ აწუხებთ – მაღალი ხარისხის პოლარიზაცია ქვეყანაში. უნდა გვესმოდეს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების ყველა ინსტრუმენტი გამოცვლილი „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ხელში, რა თქმა უნდა, არ იქნება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება. ის დამოკიდებულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასახავს იმ პოლიტიკური განვითარების ხარისხს, რომელზეც იმყოფება ეს პარტია. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ არ ესმით საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოების და ზოგადად, არ უნდათ გაიგონ ის, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა, მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა არის ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით ძალიან სერიოზული დაბრკოლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე ექიმთა კონსილიუმი შექმნას.

„გუშინ ჯანდაცვის კომიტეტზე ბატონ ხუნდაძეს პირადად ვთხოვე და ვუთხარი რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა, როგორც ჯანდაცვის კომიტეტმა შეიძლება, განახორციელოს, ეს არის ექიმებისა და სასჯელაღსრულების სამედიცინო სექტორის დეპარტამენტის მოსმენა. ასევე, მე მათ მოვუწოდე, რომ შევიდნენ სააკაშვილთან. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივმართო. ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა რამდენიმე თვის წინ ექიმთა კონსილიუმი, რომელიც მონიტორინგს უწევდა სააკაშვილის ჯანმრთელობას და ქმნიდა იმ დასკვნას, რომელიც არ იყო შორს სახალხო დამცველის დასკვნისგან. სად არის ეს კონსილიუმი? ყველა კანონმდებლობის ფორმატის მიხედვით, ასეთი კონსილიუმის არსებობა არის აუცილებელი. ამიტომ, შევიდნენ მოინახულონ სააკაშვილი და მნიშვნელოვანია, კონსილიუმის თემა გააქტიურდეს. იმ კვირაში ჯანდაცვის მინისტრი იქნება პარლამენტში და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა“, – განაცხადა დეკაოიძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი უმრავლესობის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების თაობაზე ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი რამ არ იგეგმება
შემდეგი სტატიაუკრაინა გაყინული კონფლიქტის წინააღმდეგია, მსგავს დიპლომატიურ ჭაობს ხელს არ მოვაწერ – ზელენსკი