სააკაშვილი: ჩვენ, პირველად კავკასიის ისტორიაში, მშვიდობიანი გზით გადავაბარეთ ხელისუფლება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის არ აღმოჩნდეს ბოლო გადაბარება და წელს ქართველმა ხალხმა უკან დაიბრუნოს ქვეყნის მართვის სადავეები

პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და თვითონ იყო ამის მომსწრე. მინდა, ვიკითხო, ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გაერთიანების წერტილების სანახავად, უნდა შეძლონ მათ შორის, წარსულზე სიმართლის თქმა.

„ამ ორი დღის წინ, პრეზიდენტმა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა ჩაატარა. ქ-ნმა პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და ის თვითონ იყო ამის მომსწრე. რადგან ის ასე თვლის, ეს მისი საქმეა, მაგრამ მინდა ვიკითხო და მიკვირს, რომ სხვებმა ჩემამდე არ იკითხეს. ქ-ნმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომლებიც მთელმა საქართველომ დაინახა 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს? 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მთლიანად გაყალბდა, არჩევნების შემდეგ რამდენიმე საათში, მან ოფიციალურად „მთლიანად პატიოსნად და თავისუფლად“ გამოაცხადა. იგივე რეაქცია ჰქონდა მას 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც, რომელზეც მასობრივი დარღვევები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა.

მე ამას ნიშნის მოგებით არ ვწერ, მაგრამ არ ვაპირებ არაფრის გატარებას და ყველას მოვუწოდებ იგივესკენ. ჩვენი ერთიანობა უნდა დაეფუძნოს სიმართლეს, ურთიერთპატიებასა და მომავლის საერთო ხედვას. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია საზოგადოების კონსოლიდაციისთვის პოზიტიური როლის თამაში, მაგრამ ეს კონსოლიდაცია ბევრ სხვა ფაქტორს უნდა დაეყრდნოს და მთავარი, ერთხელ უკვე ვთქვი და ვიმეორებ: პროცესების წარმმართველი და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები უნდა იყოს ახალგაზრდა თაობის კონსოლიდირებული ძალა და ჩვენი ამოცანაა მათ წავყვეთ, დავემორჩილოთ და ასევე, მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ და ეს ყველაფერი, სიმართლითა და სამშობლოს სიყვარულით, გამარჯვების ტალღაში გადავზარდოთ.

დაბოლოს, მინდა დავუბრუნდე არჩევნების თემას – მთავარი ჩვენი მემკვიდრეობა არის ის, რომ ჩვენ, პირველად კავკასიის ისტორიაში, მშვიდობიანი გზით გადავაბარეთ ხელისუფლება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის არ აღმოჩნდეს ბოლო გადაბარება და წელს ქართველმა ხალხმა უკან დაიბრუნოს ქვეყნის მართვის სადავეები“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები გართიანებულმა სამეფომაც დაუწესა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა