სააკაშვილი ჩანაწერებზე – კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ოჯახთან ერთად საჯარო თავშეყრის ადგილზე აგინეს, მაგრამ ამის გამო დაცვის წევრები არავისთვის მიუგზავნია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ასევე არასწორია აზრი, თითქოს ეს ჩანაწერები ხელისუფლებაში მისი და ყოფნის დროს არის გაკეთებული:

“კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ 2011 წელს ხელისუფლებას ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა – როცა ოლიგარქი, გაზპრომის აქციონერი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს, წერილს წერილზე წერს და არავინ დაინტერესდა ხელისუფლებიდან, ვინ ვის აკაჩავებდა?

თუ მაშინ ეს არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ სისტემა ჩამოშლილი იყო და ეს რომ ასე არ იყო, მე მგონი ცხადია”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან”, გადაცემაში “დღის სტუმარი”.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მინისტრებთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ, ამასთან, კონკრეტული შემთხვევები გაიხსენა, როცა ოჯახის წევრებთან ერთად საჯარო თავშეყრის ადგილას იმყოფებოდა და შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ დაცვის წევრებს მათთან დალაპარაკება აუკრძალა.

“რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მინისტრებთან მათ არევას არავის ვურჩევ, რადგან მათ და ჩემს ნათესავებს თვითონ ჰქონდა აკრძალული მინისტრებთან ურთიერთობა.

მაგალითად, ბაკურიანში ვიყავი, შვილთან ერთად, საბაგიროზე და ისეთი გინება წამოვიდა გვერდით საბაგიროდან, რომ ჩემი დაცვის წევრმა მკითხა, ხომ არ მივიდე და დაველაპარაკოო, მე ვუთხარი – არც გაბედოთ!

სხვათაშორის, გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გაგიგიათ ოდესმე, რომ ჩემი დაცვის წევრი ვინმესთან მისულიყო?

რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე და ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა, როცა ანსამბლებისთვის რამდენიმე გასტროლს ამზადებდა”, – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირთული ვითარება გომის მთაზე – მაშველები 8 საათია ფეხით გადაადგილდებიან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ისე გავზარდეთ ჩვენი შვილები, არავინ შეუწუხებიათ