სააკაშვილი: არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს

არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ედუარდი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ეამაყება, რომ ძალიან ბევრ ქართველ სტუდენტს გაუხსნა გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

„წეღან ახსენეს ჩემი შვილი ედუარდი, რომ დავხარჯეთ მის სწავლაზე ამერიკულ აკადემიაში, სადაც ის იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ამერიკული აკადემიის არქივებში. მეგობრებო, 2013 წელს 5 მილიონი გადავურიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, თუ არ ვცდები ციფრი ასეთი იყო, 5 მილიონს მინუს-პლიუს, ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. უფრო სწორად 6 მილიონ 300, თქვენ რამდენი გადარიცხეთ? ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით, მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შემდეგ იყო სხვა უნივერსიტეტი, სადაც უკვე ბაბუამისმა დაუფინანსა განათლება, სადაც იყო ასევე საუკეთესო სტუდენტი და რამდენი ადამიანია, რომელსაც დღეგამოშვებით, ახლა შეგიძლიათ ნახოთ, არის „ბიბისიზე“, „სიენენზე“ და სხვა ძირითად ტელესადგურებზე. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ იმ ფონზე, როცა ათობით მილიონი დავხარჯეთ საუკეთესო ქართველი სტუდენტების გაგზავნაში, ყველა ვინც 50 საუკეთესოში ხვდებოდა, ავტომატურად იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას, იმ პირობებში როდესაც ჩამოვგვყავდა 2 500 ამერიკელი მასწავლებელი, რათა მარტო ჩემს შვილს კი არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლების საშუალება, არამედ ყველა ადამიანის შვილს ჰქონოდა ეს შესაძლებლობა ყველაზე შორეულ სოფელშიც და ყველაზე მიყრუებულ გარეუბანში. დიახაც, მე ვამაყობ, რომ ამ ფონზე, როცა ძალიან ბევრს ქართველ ახალგაზრდას გავუხსენით გზა, ასევე ჩემი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი, თუ ვინმე ამას უარყოფს, რომ ის ნიჭიერია და ოროსანია ზოგიერთებივით, ეს თქვენი შეფასების თემაა. მეგობრებო ყველას კარგად გესმით, რაზე არის ეს პროცესი. ეს პროცესი არის დაშინებული, აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა, მოახდინოს ჩემი გაჩუმება, ცდილობდა ჩემს მორალურ გატეხვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – პოზიტიურია, რომ სააკაშვილს აქვს საშუალება, პირადად დაესწროს პროცესს
შემდეგი სტატიაკუჭავა: დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას