,,სააკაშვილი არ არის იმდენად აქტუალური, რომ მის გამო ერთი ქვეყნის პრემიერი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდეს”

მიხეილ სააკაშვილი არ არის იმდენად აქტუალური, რომ მის გამო ერთი ქვეყნის პრემიერი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდეს – ამ განცხადებას, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე აკეთებს.

კობახიძე, პრემიერის ბრიუსელში მოულოდნელ ვიზიტსა და მის იმ სასტუმროში დაბინავებაზე საუბრობს, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება.

კობახიძის თქმით, მას შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„ალბათ, ამაზე პასუხს მთავრობის წარმომადგენლები გაგცემენ. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის ასეთი შეხვედრა შედგა, მხოლოდ კარგია. მნიშვნელოვანია, მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდეს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. პარლამენტებს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და თუ მჭიდრო თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, თუ ასეთი შეხვედრა მალე შედგება პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, როგორ გარემოშიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია. უკრაინელ მეგობრებთან მეგობრობის მოთხოვნა გვაქვს, მეტი მოთხოვნა არ გვაქვს. ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა გაღრმავდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობას ჩრდილს ვერ მიაყენებს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ეს საკითხი ისტორიულ მეგობრობას ჩრდილში ვერ მიაყენებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული. ხელისუფლებებს შორის მეგობრობა გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილს არაფერი შერჩა, მას არაერთგზის გასცა პასუხი ქართველმა ხალხმა. სამართლებრივადაც პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძენს სააკაშვილი რამე როლს უკრაინაში. ერთი ასეთი ჰქონდა და როგორ დამთავრდა, კარგად იცით. თუ მომავალში რამე მცდელობა ექნება, ასეთივე „წარმატებით“ დასრულდება”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთში საქონლის ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატია,,მაღალი სტანდარტის პირობებში მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე იყო მიღებული გადაწყვეტილება”-კობახიძე კალანდიას დაკავებაზე