სააკაშვილი: “1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ”

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, მესამე პრეზიდენტმა “ვივა მედიდან” ჩართვის დროს, ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა:

მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს , 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის ევროკავშირის სტატუსზე. უკრაინამ პრაქტიკულად აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიცირება, რომ ეს ხელშეკრულება და თხოვნა შეეტანათ და გაიხსენეთ როგორ იყო – რუსული აგენტების კანონი შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენ გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებზე აიძულა მისი უკან გახმობა და გაუხსნა გზა ევროკავშირში ჩვენ ხალხს”,-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად ერთვება სააკაშვილი.

სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან მისი მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიანგარიში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას ენმ-სთან ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა