სააკაძის მოედანზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, შუქნიშნები დამონტაჟდება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოები ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება.

“მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები, რაც გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდება.

მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია “A+S”-ის მიერ, 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს.

“A+S”-მა დედაქალაქის უბნებსა და ცალკეულ ლოკაციებში შეისწავლა როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ნაკადების ინტენსივობა. პრობლემები გაანალიზდა პიკის საათების გათვალისწინებით და მათი გადაჭრის გზების ძიება მოხდა სიმულაციებისა და მოდელირებების საშუალებით.

სპეციალისტების დასკვნით, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გამტარიანობა მინიმუმ 8-10%-ით გაიზრდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: სამწუხაროა, როცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხდება გამოძიების დაწყების საფუძველი
შემდეგი სტატიაკორცხელში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დაჭრეს