სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ხშირ შემთხვევაში ბავშვთა სააღმზრდელო სახლები ისეთ საქმიანობას აწარმოებენ, რომელიც ბავშვის უფლებებს აშკარად არღვევს , – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაურმა განაცხადა და ლიცენზიის გარეშე მოქმედ ბავშვთა სახლებზე გაამახვილა ყურადღება.
მირიან წიკლაურმა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს “სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” კანონპროექტი, ასევე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, “სისხლის სამართლის კოდექსსა” და “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტები წარუდგინა. საკანონმდებლო პაკეტი სააღმზრდელო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს და დამატებით სალიცენზიო პირობებს განსაზღვრავს. ამასთან, პროექტის მიხედვით, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა შესაძლოა, კრიმინალური ქმედება გახდეს და შესაბამისს პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
საუბარია მცირე საოჯახო სახლებსა და სხვა ისეთი ტიპის დაწესებულებებზე, სადაც ბავშვები 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან.
საკომიტეტო განხილვისას დისკუსიის საგანი იყო, ხომ არ არის მიზანშეწონილი, რომ ასეთი სახის დარღვევა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის სფეროს ფარგლებში დარჩეს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ გადავიდეს. ამ კოტექსტში აღინიშნა ისიც, რომ ის დარღვევები, რაზეც ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტშია საუბარი, შესაძლებელია უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთან დაკავშირებულ მუხლშიც მოექცეს და მასთან დაკავშირებით “სისხლის სამართლის კოდექსში” ახალი, სპეციალური მუხლის შეტანა საჭირო არ არის. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული ეს მოსაზრება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არ გაიზირა.
“დამერწმუნეთ, 3-წლიანმა პრაქტიკამ ბევრის ისეთი რამ დამანახა, რასაც როგორც გარე მაყურებელი ვერ დავინახავდი. დამანახა ის, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სახლები იხსნება ისე, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში სახლები ისეთ საქმიანობას აწარმოებენ, რომელიც აშკარად არღვევს ბავშვის უფლებებს. ბავშვის უფლებები და ინტერესები არის უპირველესი. დამერწმუნეთ, რომ არათუ 2-წლამდე სასჯელი, ხშირ შემთხვევაში, ისეთ რაღაცასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რომელიც გაცილებით მეტ სასჯელს შეიძლება იმსახურებდეს. მე თავად მქონდა ამასთან შეხება და მინახავს, რა ხდება ასეთ დაწესებულებებში ხშირ შემთხვევაში. ვფიქრობ, კანონპროექტით წარმოდგენილი სასჯელი კიდევაც მსუბუქია. პროექტი ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ორგანოებისთვის სასამართლოს გარეშე ასეთ დაწესებულებებში შესვლის შესაძლებლობას. კამათი შეიძლება ამანაც გამოიწვიოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისევ პრაქტიკიდან გამომდინარე, იმდენად აუცილებელია ხოლმე ოპერატიული ღონისძიებების მიღება, ოპერატიული რეაგირება, რომ კანონში ასეთი მუხლის არსებობა აუცილებელია. ერთი დღის გადაცილებამაც კი გამოუსწორებელ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს – ისეთ შედეგამდე, რომელსაც შეიძლება ბავშვის სამუდამო დამახინჯება მოჰყვეს. ამიტომ ვფირობ, რომ ასეთი არალიცენზირებული სახლების გახსნა მსუბუქი დანაშაული არ არის. ეს საკმაოდ მძიმე დანაშაულია და კანონის დარღვევა მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ისევ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.
დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ ბავშვები მათი ბიოლოგიური ოჯახებიდან გამოყავთ და ისე, რომ ამას არ საჭიროებენ, ასეთ დაწესებულებებში მიჰყავთ. მირიან წიკლაურის ინფორმაციით, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა ასეთ სახლებს უკანონო სააღმზრდელო საქმიანობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკისრებული 3000 ლარიანი ჯარიმის გადახდა უღირთ.
კომიტეტის სხდომაზე ვახტანგ ხმალაძე დაინტერესდა, თუ ვის გამოჰყავს ბავშვი ოჯახიდან და ვის მიჰყავს ასეთ დაწესებულებაში, რაზეც მირიან წიკლაურმა განმარტა, რომ “გამოყავს პიროვნებას, რომელმაც გარკვეული ინსტიტუცია შექმნა, შემდეგ მიდის შეჭირვებულ ოჯახებთან, ბიოლოგიური ოჯახებიდან გამოყავთ ბავშვები და ამ სახლებში შეჰყავს”. მისივე თქმით, ზოგჯერ ეს ოჯახის თანხმობითაც ხდება, თუმცა კანონდარღვევით. კიდევ დამატებითი დეტალების დაზუსტებისგან კი წიკლაურმა საკომიტეტო განხილვისას თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ამაზე სხვა ფორმატში ისაუბრებს. სააღმზრდელო სახლების დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, წიკლაურმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ასეთი დაწესებულებები არსებობს შემოწირულობებით, ხოლო ის თუ რა შემოწირილობებზეა საუბარი, წიკალური ამბობს, რომ “ამაზე შემდგომ ისაუბრებს”.
წიკლაურის თქმით, საკანონმდებლო პროექტის შემუშავების მიზეზს სწორედ სააღმზრედელო საქმიანობის სფეროში არსებული ახალი გამოწვევები წარმოადგენს, რასაც მოქმედი კანონი ვერ პასუხობს.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატი როგორც ფინანსური, ასვეე პოლიტიკური საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება უნდა იყოს
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე საფრთხეების ანალიზი მოხდება