რუსეთი ახლა ესტონეთს თავს არ დაესხმება, თუმცა ამის გაკეთება 5-7 წელიწადში შეუძლია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ The New York Times- თან ინტერვიუში განაცხადა.
მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც აღწერილია ესტონეთში ჩატარებული წვრთნები, რათა შემოწმებულიყო მისი მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის.
სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ ესტონეთს არ ჰყავს საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი. სტატიაში აღნიშნულია, რომ წვრთნები, ძირითადად, ესტონეთისთვის კარგად არ წარიმართა.
რუტეს თქმით, New Yorker-ის სტატიის ავტორები მართლები არიან. თუმცა, ეს გამაფრთხილებელი სიგნალი არ არის, რადგან ნატოს „ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა გეგმა აქვს შემუშავებული“.
„ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში – და რუსებმა ეს იციან – ჩვენი პასუხი დამანგრეველი იქნება. ყველა დეტალში ვერ შევალ, რადგან ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი ამ პროგრამებს აკვირდება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ არა მხოლოდ ეს გეგმები, არამედ ადამიანები და სამხედრო ტექნიკაც გვყავს მათ განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ უნდა დავხარჯოთ მეტი თავდაცვაზე.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესტონელები მარტო დარჩებიან. ნატოს სრული ძალა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, მოვა დასახმარებლად. პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს დღეს ესტონეთს. თუმცა, შეიძლება ხუთიდან შვიდ წლამდე შეუტიოს, თუ ამ ყველა დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ“, – განმარტა მან.
როდესაც ჰკითხეს, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები ქვეყანას დახმარებას გაუწევდა, რუტემ უპასუხა, რომ „100 %-ით დარწმუნებულია“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „სრულად ერთგულია მე-5 მუხლის“ (ნატოს ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად მიიჩნევა).