დასავლელი ლიდერების სამიტის დასრულებისას, რომელიც ლონდონში ლანკასტერის სასახლეში გაიმართა, კომენტარი ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გააკეთა და მიანიშნა, რომ სამიტის შემდეგ ევროპული ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გაკეთდება.
მან სამიტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები გააქტიურდნენ, როგორც საკუთარი თავდაცვის ხარჯების, ასევე უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ სამიტზე უკვე გააკეთა საჯარო განცხადება თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ამას თავად ქვეყნის ლიდერები გააკეთებენ.
რუტეს თქმით, ჯერჯერობით სამშვიდობო შეთანხმება არ არის, მაგრამ უნდა მოემზადონ ამ მომენტისთვის და დარწმუნდნენ რომ ევროპული ქვეყნები მზად არიან უსაფრთხოების გარანტიებით დახმარებისთვის.
“მოკავშირეებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ პუტინი მომავალში აღარ შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპელები იქნებიან აქტიური უკრაინაში ამ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რათა ეს მშვიდობა იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და ხანგრძლივი.“ – განაცხადა რუტემ.
ალიანსის გენმდივანს ასევე კითხეს დონალდ ტრამპის კომენტართან დაკავშირებითაც, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას სჯერა მეხუთე მუხლის, მაგრამ ბალტიისპირეთს „რთული სამეზობლო” ჰყავს.
“ბევრჯერ მილაპარაკია პრეზიდენტ ტრამპთან. ის კარგი მეგობარია. ახლა რვა წელია ერთად ვმუშაობთ. ოთხი წლის წინაც, როდესაც ის პირველად იყო პრეზიდენტი და ჩვენ კონტაქტზე ვიყავით, როდესაც ის პრეზიდენტის ოფისიდან გავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა კვლავ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ და როგორც მან არაერთხელ თქვა, ის მთლიანად ერთგულია ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ. ამიტომ, გთხოვთ, შევწყვიტოთ ჭორაობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს აშშ-მ; ისინი ნატოში არიან, ნატოს ერთგული არიან, მეხუთე მუხლის ერთგული არიან, ეს არის ის, რასაც ისინი მუდმივად ამბობენ.”- განაცხადა მარკ რუტემ.