ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაშავდა. იერიში უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო და კომერციულ ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე საჰაერო დაბომბვების მორიგი ტალღის ნაწილია.
ხარკივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რაკეტა კომერციულ ზონას მოხვდა და ადგილობრივი ავტოგასამართი სადგური სრულად გაანადგურა.
„თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. სამმა ქალმა — 48, 42 და 39 წლის — სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები“, — განაცხადა სინეგუბოვმა.


















