რუსულმა ნავთობკომპანია “ტატნეფტმა” ქვეყნის მასშტაბით ყველა თავის ავტოგასამართ სადგურზე საწვავის გაცემაზე დროებითი ლიმიტები დააწესა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით, ერთ მსუბუქ ავტომობილზე გაიცემა მაქსიმუმ 20-დან 30 ლიტრამდე ბენზინი. დიზელის საწვავის ლიმიტი მსუბუქი მანქანებისთვის 40-60 ლიტრია, ხოლო სატვირთოებისთვის – 300 ლიტრი.
გამოცემა “მედუზას” ინფორმაციით, ზოგიერთ სადგურზე დიზელი ფიზიკურ პირებზე საერთოდ აღარ გაიცემა და მხოლოდ სპეცტექნიკისთვისაა ხელმისაწვდომი.
“ინტერფაქსი” წერს, რომ ლიმიტების დაწესებასთან ერთად, ქსელში აიკრძალა საბანკო ბარათებით გადახდა და საწვავის ყიდვა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი.
კომპანია ტატნეფტი შეზღუდვების მიზეზად “ტექნიკურ ხარვეზებს” ასახელებს. თუმცა, ექსპერტები ამ ყველაფერს პირდაპირ უკავშირებენ უკრაინული დრონების მასირებულ იერიშებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რამაც ქვეყანაში საწვავის სერიოზული დეფიციტი გამოიწვია.


















