რუსულმა ავიაციამ ხერსონის ოლქის მუზიკივკის თემზე საჰაერო იერიში მიიტანა. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, პირდაპირი დარტყმის შედეგად ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი კორპუსი ფაქტობრივად ჩამოინგრა — განადგურდა სახურავი, კედლები და ჩაიმსხვრა ფანჯრები. იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა კერძო სახლები, ეკლესია და ავტომობილები. საჰაერო დარტყმის გამო ორი ქალი (40 და 78 წლის) დაშავდა.
ამასთანავე, რუსულმა ძალებმა მართვადი ავიაბომბებით (კაბებით) დაბომბეს სოფელი ზელენივკა. ნახევარ საათში ოკუპანტებმა დაახლოებით 7 ბომბი ჩამოაგდეს, რამაც კულტურის ცენტრი და ათამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რამდენიმე შენობაში კი ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთი აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მყოფი ორი და — 11 და 17 წლის გოგონები — საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
















