ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზე კონტრშეტევა განახორციელეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
„რამდენიმე ადგილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს მოწინააღმდეგის მოწინავე პოზიციებზე და გარკვეული შედეგიც არსებობს“, – დაწერა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა კონსტანტინე მაშოვეცმა.
რუსული ტელეგრამ-არხის, „რიბარის“ ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე მოიერიშე პოლკი შეკრიბეს და აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე შეტევები განახორციელეს.
„მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მდინარე გაიჩურთან, ასევე გულიაიპოლედან დასავლეთით. “- წერს „რიბარი“.
„რუსული ძალებისთვის კრიტიკულ პრობლემებზე საუბარი ჯერ არ მიდის. მოწინააღმდეგემ მართლაც შეძლო რამდენიმე ადგილას რუსეთის ძალების თავდაცვით ზონაში შეღწევა. სირთულეები Starlink-ის ტერმინალების გათიშვით და ცუდი ამინდით არის გამოწვეული, რაც ავიაციას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს“, – წერს ტელეგრამ-არხი „რიბარი“.
რუსული ტელეგრამ-არხი „სპეცრაზმის მთავარანგელოზი“ წერს, რომ გულიაიპოლეს მიდამოებში მოწინააღმდეგემ სერიოზული შეტევა დაიწყო ტანკებისა და ჯავშანმანქანების გამოყენებით და რუსეთის თავდაცვით ხაზებში შეაღწია.
„უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ორივე მხარეს კავშირის პრობლემები აქვს. Starlink სერიოზული ხარვეზებით მუშაობს ფრონტის მთელ ხაზზე, ვმუშაობთ მხოლოდ სადგურებით, რაც კოორდინაციას ართულებს. სავარაუდოდ, ახლა დასახლება ბერეზოვოეს შეუტევენ – იქ სერიოზული ძალები უკვე შეკრიბეს, შემდეგ კი ნოვონიკოლაევკას შეუტევენ“, – წერს ამ ტელეგრამ-არხის ავტორი.
ოფიციალური ცნობები ზაპოროჟიეს ოლქში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც რუსულ, არც უკრაინულ მხარეს არ გაუვრცელებია.
















