რუსული სამხედრო გემი აშშ-ის გამანადგურებლებისკენ მიემართება

რუსული სამხედრო გემი ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით იმ ტერიტორიისკენ მიემართება, სადაც ამერიკის ორი გამანადგურებელი დგას. სირიის მიმართულებით რაკეტები სწორედ აღნიშნული გამანადგურებლებიდან გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რუსულმა სამხედრო გემმა ბოსფორის სრუტე რამდენიმე საათის წინ გადაკვეთა.

ამ დროისათვის, რუსული სამხედრო გემი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით იმყოფება და მიემართება აშშ-ის ტექნიკისკენ.

Fox News-ის წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ამერიკული გამანადგურებელი, საიდანაც სირიის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, გადასაიარაღებლად სხვა ადგილას მიემართება.

როგორც რუსული სააგენტო TASS წერს, სამხედრო ხომალდი სირიის ქალაქ ტარტუსში სტანდარტულ რეისს ახორციელებს.

„რუსული სამხედრო გემი სირიაში, კერძოდ ტარტუსში, ლოგისტიკურ ბაზას ესტუმრება“, – განუცხადა წყარომ სააგენტო TASS-ს.

სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის საღვაო ხომალდებიდან ჰომსთან მდებარე ავიაბაზის მიმართულებით „ტომაჰოკის“ ტიპის 50-დან 60-მდე რაკეტა იქნა გაშვებული. მათივე მტკიცებით, სწორედ აღნიშნულ ობიექტზეა ბაზირებული საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებითაც ქიმიური თავდასხმა განახორციელეს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ბრძანება გასცა, წერტილოვანი დარტყმა განეხორციელებინათ იმ ბაზაზე, რომლიდანაც, მისივე თქმით, ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

ტრამპმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, სირიის კონფლიქტის დასრულებაში დახმარება გაუწიონ.

წყარო: Fox News

banner
წინა სტატიაშისტოკჰოლმის პოლიციამ ტერორისტის დაკავების შესახებ ონფორმაცია უარყო
შემდეგი სტატიამამაკაცი, რომელსაც წერეთლის გამზირზე ტაქსი დაეჯახა, გარდაიცვალა