რუსული ოკუპაციის მთავარი მიზანი სწორედ არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშორება ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან – აბესაძე

რუსული ოკუპაციის მთავარი მიზანი სწორედ არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშორება ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ წინადადების ხელაღებით უარყობა რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის გამოყენებაა, რომ თითქოს, დასავლეთი საქართველოსგან ოკუპაციაზე შეგუებას ითხოვს.

„რუსული ოკუპაციის მთავარი მიზანი სწორედ არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშორება ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან და ამგვარად, ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტება. ამიტომ შემოთავაზება, რომლის მთავარი არსია, რომ რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად არ იქცეს, ნამდვილად არის წინადადება, რომლის განხილვა მნიშვნელოვანია. შემოთავაზებაა, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ჩათვლით, გახდეს ნატო-ს წევრი, უბრალოდ ნატო-ს სამხედრო კოლექტიური თავდაცვის მუხლი არ გავრცელდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც დღეს რუსეთის სამხედრო აგრესია მიმდინარეობს. ამიტომ ამ წინადადების ხელაღებით უარყოფა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, არის რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის გამოყენება, რომ თითქოს დასავლეთი ჩვენგან მოითხოვს შევეგუოთ ქართული ტერიტორიების ოკუპაციას. ეს ნამდვილად არის ტყუილი და მათი მხრიდან ამ წინადადების ასე ხელაღებით უარყოფა, მიანიშნებს მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიკიდევ 28 ოჯახი შეემატება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიერ გადაცემულ ბინებს სიმბოლურ ფასად დაიკანონებენ – კალაძე
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ პოლონეთში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა