რუსული მედია – მოსკოვის ოლქში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მოსკოვის ოლქში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„დადგინდა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ ეგორიევსკში უცხოელი საცხოვრებელ ადგილას მცირეკალიბრიან თოფს TOZ-8-ს, სანადირო თოფს IZH-27-ს, 300-ზე მეტ ვაზნას, RGD-5 ყუმბარასა და 500 გრამზე მეტ დენთს ინახავდა“, – განაცხადეს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილებაში.

ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ 1968 წელს დაბადებული ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ადგილას ოკუპირებული აფხაზეთის ყალბი „პასპორტი“ და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან მუშაობის წარმომადგენლობითი ოფისის მრჩევლის ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს.

„უცხოელის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 222.1 მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე ფეთქებადი მოწყობილობებისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შენახვა“) არის აღძრული. ამასთან, დაკავებულს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევისთვის დაეკისრა („რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18.8 მუხლი“)“, – ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიBloomberg: 2017-20 წლებში რუსეთის FSB-მ საქართველოში სამინისტროები, სებ-ი და ცესკო დაჰაკა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ მისი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის, შეხვედრა გაიმართება