რუსული კვალი „კურორტ საირმის“ 10-მილიონიან ინვესტიციაში – როგორ „ალაგებს“ თემურ კოხოძე ყველა ხელისუფლებასთან ურთიერთობას 

კურორტ „საირმის“ ბურუსით მოცული ეპოპეა ზუსტად 11 წლის წინ, ანუ 2010 წელს დაიწყო. მაშინ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და ადგილობრივ მოსახლეობას იმედი ჰქონდა, მთავრობა რომ შეიცვლებოდა, სამართლიანობა აღდგებოდა და გაპოლიტიკოსებული თემურ კოხოძეც საკადრისად დაისჯებოდა, მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს, ობლის, ესე იგი, ამ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის კვერი მას შემდეგაც არ შეცვლილა, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა. მართალია, ბიძინა ივანიშილის მიერ დაფუძნებული ეს პოლიტიკური გუნდი იმთავითვე გულზე მჯიღს იცემდა, აი, ყველანაირ უკანონობას გავასწორებო, მაგრამ აგერ, უკვე მეცხრე წელია, „ოცნება“ სახელმიფოს მართავს და ამ დროში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ „ნაცები“ „გაქოცდნენ“. ასე მოხდა თემურ კოხოძის შემთხვევაშიც, კერძოდ, თავის დროზე მგზნებარე „ნაცი“, ბატონი კოხოძე, რომელიც ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის მამასთან ნაცნობობითაც ამაყობდა, დღეს პირწავარდნილი „ოცნების“ მეხოტბეა. ჰოდა, „ოცნებაც“ ამ „ერთგულებას“ არ უკარგავს და, როგორც ირკვევა, ფინანსურ თუ ქონებრივ ინდულგენციებს აძლევს.

ვიდრე კურორტ „საირმის“ 11 წლის წინანდელ ეპოპეას გაგახსენებთ, მოკლედ გეტყვით, თუ როგორ უფასებს დღევანდელი მმართველი გუნდი თემურ კოხოძეს ყოფილი მშობლიური პარტიის, ესე იგი, „ნაცმოძრაობის“ დაგმობას.

კოხოძე, როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, „ოცნებასთან“ ზომაზე მეტად არის დაახლოებული, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოხოძეს „ოცნებისთვის“ ოქროს ფასი აქვს.

რატომ? – აი, ამ კითხვაზე სავარაუდო პასუხის მისაღებად კი, მოდით, არცთუ შორეული წარსული გავიხსენოთ.

მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ 2010 წელს, კურორტი “საირმე“ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაიყიდა და მისი მფლობელი შპს “საირმის განვითარების კომპანია“ გახდა, რომელსაც სახელმწიფომ 60 000 ლარად, “საირმეს” 100%-იანი წილიც გადასცა. იმჟამინდელი მონაცემებით,  „საირმის განვითარების კომპანიის“ 100%-იანი წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი მფლობელი თემურ კოხოძე იყო და ახლაც ასეა.

თუ პრესაში თავის დროზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტებით ვიმსჯელებთ, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საირმის განვითარების კომპანიას“, ანუ ბატონ კოხოძეს მოსახერხებელი საპრივატიზებო პირობებო განუსაზღვრა. კერძოდ, 2011 წლის 1 დეკემბრამდე, კოხოძის კომპანიას ბაღდათის მუნიციპალიტეტ საირმეში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მასზე დამაგრებული 1259 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარემონტო-სარეკონსტრუქციო აღდგენითი სამუშაოები უნდა დაესრულებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა.

ამასთან, 2012 წლის 1 დეკემბრამდე, ბაღდათის მუნიციპალიტეტ საირმეში მდებარე #1  შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 370 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარემონტო-სარეკონსტრუქციო აღდგენითი  სამუშაოები უნდა დაესრულებინა და ექსპლუატაციაში შეყვანა. კომპანიას ასევე, ევალებოდა დამსვენებლების წყლით დამოუკიდებლად და შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, „საირმის განვითარების კომპანიას“ კურორტზე რამდენიმე მაღალი კლასის, მათ შორის, ერთი ხუთვარსკვლავიან სასტუმროც უნდა აეშენებინა.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინვესტორს, ესე იგი, „საირმის განვითარების კომპანიას“, 10 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რასაც სხვათა შორის, ამ კომპანიის გენერალური დირექტორი რაჟდენ ზვიადაძეც ადასტურებდა. ყოველ შემთხვევაში, ბატონი ზვიადაძე რამდენიმე წლის წინ, გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა:

„10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რაც მთავარია, ეს კურორტი პირობიანი ვადით გადმოგვეცა. პირობა კი კურორტის განვითარება და ინფრასტრუქტურის მოწყობაა. გარდა ამისა, შენობა-ნაგებობებიც გადმოგვეცა, რომელთა კეთილმოწყობაც ჩვენ გვევალება. სამთავრობო სახლს რომ ეძახდნენ, ანუ “ივერიას”, მის ადგილზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა, მინერალური წყლის ჩამოსხმაც გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის განვითარებაა აუცილებელი.

ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ის ვალდებულება, რაც სახელმწიფოსგან ავიღეთ. “საირმე” ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ტურისტებისთვის, ისე – ადგილობრივებისთვისაც.“

როოგორც აღვნიშნეთ, „საირმის განვითარების კომპანიას“ კურორტის ერთ ლარად გადაცემის სანაცვლოდ, 10 მიილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და „აღმშენებლობითი საქმიანობა“, მაქსიმუმ, 2013 წლისთვის უკვე დამსრულებული უნდა ჰქონოდა, მაგრამ აბა, თუ გამოიცნობთ, რა მოხდა? მოხდა ის, რომ ოფიციალურად, ანუ სახელმწიფოს დღემდე არ შეუმოწმებია, ინვესტორმა, რომელსაც „კურორტი საირმე“ თავის დროზე სიმბოლურ ერთ ლარად გადასცეს, საპრივატიზაციო პირობები შეასრულა თუ არა. უფრო კონკრეტულად, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ბატონ კოხოხეს სახელმწიფო სიტყვაზე ენდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ „საირმის განვითარების კომპანია“ ირმუნება, 10 მილიონის ინვესტიცია პირნათალდ ჩავდეო, მაგრამ სინამდვილეში, მართლა ჩადო თუ არა, ამის რევიზიას არავინ ახდენს.

კარგი, დავუშვათ, რომ კოხოძემ საპრივატიზაციო პირობები პირნათლად შეასრულა და კურორტის განვითარებაში 10 მილიონი დააბანდა, მაგრამ აქაც ჩნდება კითხვა: ეს ინვესტიცია საიდან მოიტანა, ანუ 10 მილიონის წარმომავლობით სახელმწიფო რატომ არ ინტერესდება?

არსებობს მოარული ეჭვი, რომ ამ ათი მილიონის ე.წ. დაბანდებით ვიღაცებმა ფული „გაათეთრეს“ და ბატონი კოხოძეც სწორედ ამ „გათეთრების“ თანამონაწილეა. ისე, თუ კოხოძის იმდროინდელ ქონებრივ დეკლარაციას გადავხედავთ, ათ მილიონის დაბანდება ნამდვილად არ შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, 2011 წლის 19 მაისს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მას ანგარიშზე 7, 92ლარი და 1049.17 ევრო ჰქონდა. ქონებრივი დეკლარაციის გრაფაში – „თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს“ წერია – „1 600 000.00 GEL“. ამ თანხის მესაკუთრეთ თემურ კოხოძეა მითითებული.

ამავე დეკლარაციის თანახმად, 2010 წელს, თემურ კოხოძეს შ.პ.ს. ,,თეგეტა მოტორსიდან” რომლის პარტნიორიცაა, მიღებული ჰქონდა უვადო 90 3645.50 ლარის შემოსავალი.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თემურ კოხოძე სხვა კომპანიის არც მფლობელია და არც – პარტნიორი.

რაც შეეხება გასავალს, 2011 წლის 19 მაისს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ თემურ კოხოძეს ერთ წელში მხოლოდ 32 00 ლარის გასავალი ჰქონდა. კერძოდ, ბაღდათის კულტურის სახლისათვის 2000 ლარად ინვენტარი შეუძენია, 3000 ლარი ბაღდათის მუსიკალური სკოლისთვის ინვენტარში გადაუხდია, ბაღდათის №2 სკოლისათვის მინი სტადიონის მოწყობა 27 000 ლარი დასჯდომია.

სხვათა შორის, პოლიტიკურ კულუარებში ხმები დადის, „ქოცებმა“ კოხოძე გადასახადებისგან გაათავისუფლესო. ის ჭორიც დადის, ბატონმა კოხოძე არქიფოსავით მოიქცა და „კურორტი საირმე“ რუსულ „ვთბ ბანკში“ ჩადოო.

ეჭვი არავის ეპარება, რომ „ვთბ ბანკი“ პირდაპირ კრემლის გავლენის ქვეშაა. მართალია, ეს ბანკი საქართველოში დიდი ხანია, ოპერირებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანაა. ესე იგი, რა გამოდის? – კურორტი საირმე, რომელიც იმთავითვე საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ანუ ეროვნული სიმდიდრეა, თემურ კოხოძემ რუსებს უფეშქაშა?! აქვე, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე საირმის მოსახლეობას მიწები წაართვეს.

მოკლედ, თუ ამ მაორული ხმებით ვიმსჯელებთ, კურორტი საირმე, ბატონო კოხოძის ხელშეწყობით, დღეს რუსების ხელშია. უფრო მეტიც, იმის თქმის საფუძველიც არსებობს, რომ ზემოხსენებული ყბადაღებული 10 მილიონი, რომელიც „საირმის განვითარების კომპანიას“ ინვესტიციის სახით უნდა დაებანდებინა, სინამვდილეში, რუსული ფული იყო, ანუ რეალური ინვესტორი, ყოფილ ხელისუფლებასთან ერთად, რუსეთიც გამოდის და ბატონო კოხოძე, უბრალოდ, ფულის „გამთეთრებელი“ იყო და მეტი არაფერი? – ცხადია, არავინ არაფერს ამტკიცებს, მაგრამ ამ კითხვას არსებობის უფლება აქვს!

ისე, თუნდაც იმიტომ, რომ ეს კითხვები მოხსნას, კარგი იქნება, თუ საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდება. ამასთან, „კურორტ საირმეს“ საქმეს პროკურატურა შეისწავლის და სამართიანობა ასე აღდგება – ეს ეროვნული ქონება კოხოძეს ჩამოერთმევა და ხალხს დაურბუნდება, ანუ ის, რაც წაართვეს, ისევ მოსახლეობის გახდება!

ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ დეკლარაციის თანახმად, 2010 წელს, ბატონ კოხოძეს მხოლოდ 32 000 ლარი გასავალი ჰქონდა და ამ თანხით ბაღდადის კულტურის სახლს, მუსიკალურ სკოლას და მე-ე საჯარო სკოლას სხვადასხვა რამით დაეხმარა.

ზოგადად, ქველმოქმედება კარგია, მაგრამ აქ, როგორც იტყვიან, სხვა ძაღლის თავია დამარხული, ანუ ირკვევა, რომ 2019 წელს, თემურ კოხოძე, ქველმოქმედების მიზნით, „ბაღდადის განვითარების ცენტრს“ აარსებს, თუმცა როგორც ამბობენ, ამ ფონდს, რეალურად, სხვა მიზანი აქვს. კერძოდ, ხალხი ჭორაობს, ამ ფონდის გავლით, არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებაო. იმასაც ამბობენ, „ოცნებამ“ კოხოძეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის სოლიდური ფართი პირდაპირი მიყიდვის წესით ამიტომაც „აჩუქაო“.

ახლა, ზოგმა შესაძლოა, თქვას, ხალხი ბევრ რამეს ამბობსო, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. ჰოდა, შესაძლოა, ისიც სიმართლე იყოს, რომ ამბობენ, კოხოძე ახლა მშენებლობის ბიზნესით დაინტერესდა და ავტობანის მშნებელობაში „გაიჩითაო“. საერთოდ, სამშენებლო ბიზნესი საქართველოში დიდ გარიგებებსა და კორუფციასთან ასოცირდება. კოხოძისნაირ ადამიანებს კი, რომლებიც ყველა ხელისუფლებას ერგებიან, კორუფციული მიდრეკილებებიც აღენიშნებათ ხოლმე.

ერთი სიტყვით, მშიერმა ხალხმა იკითხოს, თორემ „ნაცების“ დროს კოხოძეები იყვნენ, „ქოცების“ დროსაც კოხოძეეები არიან. ხვალ და ზეგ, როცა ხელისუფლება შეიცვლება და მთავრობაში, მაგალითად, ლელო“ რომ მოვიდეს, მაშინაც კოხოძე იქნება. არადა, დროა, ქვეყნის სათავეში ისეთი მმართველი ძალა მოვიდეს, რომელიც ამ წლების განმავლოაბში ფესვგამდგარ უსამართლობას დაასრულებს!

ავტორი: ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიმიხაელ გალერი: იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა
შემდეგი სტატიაყველანი ერთად საბასთვის …