უკრაინისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა 5 აპრილის ღამე: ოკუპანტებმა ქალაქ კრივოი როგზე მიიტანეს იერიში. “უკრაინელი სამხედროების დისლოკაციის ადგილად” მიჩნეული და დამიზნებული შენობა საცხოვრებელი კორპუსი აღმოჩნდა, რომელსაც რაკეტა მოხვდა.
იერიშის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, აქედან 9 ბავშვია. დაჭრილია 12 ბავშვი, სულ კი იერიშის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა.
კრივოი როგი განმეორებითაც გახდა რუსული რაკეტების სამიზნე: დაინგრა რამდენიმე ობიექტი, ხანდაზმული ქალი თავის სახლში გარდაიცვალა.
უკრაინის თავდაცვის ძალების გენშტაბმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კრივოი როგზე თავდასხმა კიდევ ერთხელ პასუხობს შეკითხვას: სურს თუ არა რუსეთს და პირადად ვლ. პუტინს ომი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსხვერპლის გამო თავის გამართლებას რუსეთი ცდილობს განცხადებით, თითქოს სამიზნე იყო “ობიექტი, სადაც მიმდინარეობდა სამხედრო პირების შეკრება ახალი თავდასხმების დასაგეგმავად”, არადა, ცნობილია, რომ არც დაღუპულთა, არც დაჭრილთა შორის უკრაინელი სამხედროები არ არიან.