“რუსული ენისა და კულტურის ცენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნაზე საჯარო უარს ვაცხადებთ”

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე უარს აცხადებს.

„ერთხელ ორი თვის წინ და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრების გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ. ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს. მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა გიორგი კეკელიძემ, რომლის განცხადებასაც ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: “საქართველო „OGP“-ს მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს: ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას