რუსული საბრძოლო კამიკაძე დრონის ნამსხრევები პიოტრკოვ ტრიბუნალსკის მახლობლად, ვარშავიდან სამხრეთ-დასავლეთით 135 კილომეტრში იპოვეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რუსული დრონები ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, თუმცა, მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ტუსკის განცხადებას RMF 24 ციტირებს, რომლის თანახმადაც რუსული დრონები, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ, ჩამოაგდეს.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული დრონები ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ჩვენი ყველა მოკავშირე ძალიან სერიოზულად უდგება სიტუაციას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთის ოთხი აეროპორტის დახურვა არა თავდასხმის საფრთხით, არამედ ოპერატიული აუცილებლობით იყო გამოწვეული.

















