3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რუსული НИИРК-ს კვლევაში რუსეთისადმი საქართველოს მეგობრულობის ინდექსი გაზრდილია

რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (НИИРК) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო, 2025 წლის მონაცემებით, რუსეთისადმი “შედარებით მეგობრული ქვეყნების” სიაში მოხვდა. სიაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც.

ანგარიშში, რომელიც რუსეთისადმი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების რეიტინგს განსაზღვრავს, საქართველომ 100-დან 19.4 ქულა აიღო. შარშან საქართველოს ამავე ინდექსით 15.1 ქულა ჰქონდა.

ანგარიშში საქართველოს რუსეთისადმი მეგობრულობის ქულის ზრდა შემდეგი მიზეზითაა ახსნილი: “2025 წელს გარკვეული ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკური კომუნიკაციების ჯგუფში და ასევე რუსეთის, რუსების და რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელში, აგრეთვე მინიმალური ზრდა შეინიშნებოდა მედია კომუნიკაციებისა და არაკომერციული ორგანიზაციების კომუნიკაციების მაჩვენებლებში.”

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ “ოფიციალურ ქართულ დისკურსში რუსეთის ფედერაცია კვლავ განიხილება” ოკუპანტად. ასევე აღნიშნულია ევროკავშირთან და აშშ-სთან თბილისის ურთიერთობების გაუარესება.

როგორც ანგარიში ირწმუნება, საქართველოს “რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური კავშირები შემოიფარგლება მრავალმხრივი პლატფორმებითა და წერტილოვანი კონტაქტებით”, თუმცა “დაახლოების პირდაპირი კურსი არ არსებობს”.

სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების ნაწილში აღნიშნულია ყულევის ნავთობგადამამუშავებელისთვის ნავთობის მიწოდების ფაქტი – “რუსეთმა პირველი პარტია ნავთობი გააგზავნა საქართველოში, ქალაქ ყულევში მდებარე ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში”.

ანგარიშში საქართველოს შესახებ დასკვნაში წერია:

საქართველოს საკომუნიკაციო რეჟიმმა რუსეთის მიმართ 2025 წელს შეინარჩუნა პოლიტიკური და დიპლომატიური დისტანცია, თუმცა თავიდან აიცილა პირდაპირი კონფრონტაცია (აღსანიშნავია პოზიცია “ომში არ ჩათრევის”  შესახებ, სანქციებზე უარი და კომუნიკაციის მინიმალურად აუცილებელი არხების შეგნებული შენარჩუნება). გაჩნდა შესაძლებლობები შედარებით ხელსაყრელი ეკონომიკური კომუნიკაციების განვითარების და ბიზნესურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციისთვის. ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო სფეროებში, ასევე არასამთავრობო სექტორსა და მედია კომუნიკაციებში რუსული მიმართულება არ არის აკრძალული, თუმცა არც პრიორიტეტულია.

საერთო ჯამში, ეს აყალიბებს ისეთ რეჟიმს, სადაც რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ერთდროულად ფლობს მიუღებელ საგარეოპოლიტიკურ პოზიციებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს ეკონომიკურ პარტნიორს რიგ საკვანძო მიმართულებებში და არ არის ოპოზიციური ან მაღალი რისკის მატარებელი ჰუმანიტარული აქტორი.

საქართველოსა და რუსეთის კომუნიკაციები არც ალიანსია და არც ღია გაწყვეტა – ეს არის პრაგმატული, მართული მეზობლობა, რომელიც ჯერჯერობით არ ცვლის საქართველოს სტრატეგიულად პროდასავლურ (თუმცა ევროკავშირთან კონფლიქტურ) ორიენტაციას.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: სასტუმრო “თაუერის“ თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ გელა უძილაური ნახეს, რომელიც მათი ცნობით, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო
შემდეგი სტატიაკახა გულედანი: მხოლოდ დღგ-ს განაწილების პრინციპით, 2025 წელს 2 მლრდ ლარზე მეტი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლების შესაბამის მაჩვენებელს