რუსულ-თურქული გამბიტი

რუსულ-თურქული გამბიტი

რუსულ-თურქული გამბიტითემო მურვანიძის პროგნოზები და შეფასებები

პლანეტა დედამიწა აფეთქების ზღვარზეა – როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზის ტერაქტების შემდეგ, მოვლენები დრამატულად ახლო აღმოსავლეთში ვითარდება. სიტუაცია განსაკუთრებით სირიათურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავსუ-24ის ჩამოგდების  შემდეგ დაიძაბა. ყველაფერ ამის, ასე ვთქვათ, მარტივი შედეგი კი ის იქნება, რომ თურქეთს, მინიმუმ, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა შეექმნება.

ამ ვერსიას ქართველი პოლიტიკოსი, თემო მურვანიძეც იზიარებს, რომელიც მსოფლოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება და წერს:

„ალბათ, დამეთანხმებით,  რომ პროგნოზების კეთება ძალიან უმადური საქმეა, მაგრამ ფაქტია: ქურთები, ოჯალანის ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი ხანია ცდილობენ, თურქეთს გამოეყონ და საკუთარი სახელმწიფო შექმნან.“

ამ ვერსიას მურვანიძე რუსეთის მიერ ქურთებისთვის საზენიტო სისტემა C-300-ის შესაძლო გადაცემითაც ამყარებს – როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინის ფავორიტმა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების ყოფილმა შეფმა და მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ არ გამორიცხა, რომ ქურთებს ზემოხსენებული საზენიტო სისტემა გადასცენ.

„მსოფლიოში ძალთა გადანაწილებაზე პუტინის არაორდინალურ მიდგომასა და სრულიად ახალ ხედვას რუსეთისთვის გარკვეული შედეგები უკვე მოაქვს და ეს თურქეთისთვის სამწუხარო პროგნოზია,“ – წერს მურვანიძე სოციალურ ქსელში.

„ფეისბუქსტატუსებიდან“ გამომდინარე, „თაიმერი“ პოლიტიკოს თემო მურვანიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვით მიმართა. სხვათა შორის, მურვანიძემ ჩვენთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ „ეს პროცესები შეიძლება, ჩვენც შეგვეხოს და სწორედ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაში“.

– ბატონო თემო, როგორც სოციალურ ქსელში დაწერეთ, არ გამორიცხავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესმა  თავისი კვალი საქართველოზეც დატოვოს. შეგიძლიათ, განმარტოთ, ასეთი პროგნოზისს საფუძველს რა გაძლევთ?

– იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთსა და თურქეთს შორის სიტუაცია ძალიან გამწვავდება, ყველაფერი ეს, რაღაც სახით, გავლენას, რა თქმა უნდა, საქართველოზეც მოახდენს.
რუსეთი  და  თურქეთი  ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გარკვეულ ნაბიჯებს  გადადგავენ,  რაც  რუსეთის  მხრიდან , ალბათ,  ქურთების  იარაღით  მომარაგება  და  ეკონომიკური  ემბარგო  იქნება. თავის მხრივ, თურქეთი საერთაშორისო თანამეგობრობის, ძირითადად, ნატო-ს ფორმატში მობილიზებას შეეცდება, თუმცა საეჭვოა, ეს იმ დონეზე გამოუვიდეს, როგორც შეიძლება, თავად სურს. სწორედ ამ ეკონომიკური და ირიბი ბრძოლის ახალი რეალიები კი შეიძლება, საქართველოზე გადაიკვეთოს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ  თურქეთის წინააღმდეგ მძაფრი განცხადებები ბაშარ ალ  ასადმაც გააკეთა და მაშინვე ჩანდა, რომ ასადის განცხადებები რუსულ ინტერესში „იჯდა“. მოკლედ, რუსეთი ცდილობს, ვიდრე გარეო-ს უშიშროების საბჭო მის ხელშია, სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს და საერთაშორისო საზოგადოებას დარეგულირების საკუთარი გეგმა შესთავაზოს, სადაც წამყვანი იქნება, ანუ რეგიონში ინტერესებს გაიმყარებს და თავის გეოსტრატეგიულ ამოცანასაც გადაწყვეტს.

ასე რომ, ძალიან რთული ვითარებაა.

– იმ შემთხვევაში, თუკი რუსულ-თურქულ კონფლიქტში რაღაცნაირად ნატო-ც ჩაერთვება, ესე იგი, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე აღმოვჩნდებით?

– ვფიქრობ, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს და ესაა მსოფლიო თანამეგობრობის ბრძოლა ტერორიზმთან, რომელიც უდავოდ, საერთაშორისო საფრთხეა. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ამ ომში რუსეთიც და დასავლეთიც პირდაპირ არიან ჩართულნი.

– ისე, ზოგი თვლის, რომ „ისლამური სახელმწიფოსუკან გარკვეუწილად, რუსეთი დგას. ამ მოსაზრებას იზიარებთ?

– „ისლამური სახელმწიფოს“ უკან მდგომ ძალებზე საუბარი ძალიან დიდ ხანს შეიძლება, თუმცა ბევრი რამე, ალბათ, მუდამ ჩრდილში დარჩება… არსებობს  ინტერესები  და  ეს  საკმაოდ  პრაგმატული  მიდგომის  სფეროა…

– გეთახმებით, მაგრამ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და თუკი კრემლი ქურთისტანის ინტერსებს ღიად დაიცავს, გამოვა, რომ რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ მიდის, არა?

– ჩემი აზრით, აქ  რუსეთი კი  არ  წავიდა ნატო-სთან ღია კონფლიქტზე,  არამედ, ან  თურქეთის  შეიარაღებულ  ძალებს  მოუვიდათ  უნებლიე  შეცდომა,  ან  ეს არის  ნატო-ს  შეგნებული  ნაბიჯი,  რითიც  რუსეთს  საკუთარი  სტრატეგია  შეუბრუნა,  როგორც  რუსეთი  ცდილობდა  პროვოკაციებზე  წამოეგო, მაგალითად, ქართული, ან  უკრაინული  მხარე  კონფლიქტის  გასაღვივებლად,  იგივე  გაუკეთა  ნატო-მ,  აქ  არაფერია  გამორიცხული. არც  ისაა  გამორიცხული,  რომ  გარკვეულ  ძალებს  უნდოდათ  რომ  დიდი  კოალიცია  რუსეთის  მონაწილეობით  არ  შემდგარიყო…
ასე თუ ისე, ფაქტია: ღია დაპირისპირება ხელს არც აშშ-ს აძლევს, არც – ევროპას და არც – რუსეთს  და  ამისთვის  ნაბიჯები, რა  თქმა  უნდა, ყველა  მხრიდან იქნება  გადადგმული,  მაგრამ  ვერავინ  დადებს  თავს, თუ რაზეა  წამსვლელი  პუტინი  და  დასავლეთის  მხრიდან კონფლიქტის  გამწვავების  შემაკავებელი  მცდელობები რამდენად  ეფექტური  იქნება.
ჩემი  გადმოსახედიდან,  თურქეთს  დიდი  შანსი  აქვს  დარჩეს  ე.წ.  დაკონსერვებული  კონფლიქტით  და  რუსული  სამშვიდობოებით „ქურთისტანისა“  და  თურქეთის  საზღვარზე.

ესაუბრა ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიყირიმი დარჩა შუქის გარეშე
შემდეგი სტატიარატომ ჩამოაგდო თურქეთმა რუსული ბომბდამშენი…?