რუსულ აგრესიათან დაკავშირებით, 19 მაისს, ნატო-ს 30 წევრ ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილი იქნება შვედეთი, ფინეთი და უკრაინა, საქართველო ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ არის – აქუბარდია

საქართველო დღეს ჩრდილშია და თავი მიწის ქვეშ აქვს დამალული – 19 მაისს ბერლინში, ნატო-ს 30 წევრ ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილი იქნება შვედეთი, ფინეთი და უკრაინა და ამ ვითარებაში საქართველო ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის კუთხით ეროვნული ინტერესების შესაბამისად ნაბიჯებს არ დგამს.

“საქართველოს რომ პროაქტიული საგარეო პოლიტიკა არ აქვს, ეს დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ის რომ დღეს საქართველო ჩრდილშია და თავი აქვს მიწის ქვეშ დამალული, ეს არის უბედურება, რაც დღეს გვაქვს. 14 მაისს, ბერლინში იმართება ნატო-ს არაფორმალური საგარეო მინისტერიალი, ასევე 19 მაისს, რუსულ აგრესიათან დაკავშირებით ნატო-ს 30 წევრ ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილი იქნება შვედეთი, ფინეთი და უკრაინა და ამ ვითარებაში საქართველო ამ შეხვედრაზე არ არის წარმოდგენილი, ეს არის ნატო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია. იმ დროს, როცა საქართველოს აქვს დეკლარირებული ნატო-ში გაწევრიანების კურსი კონსტიტუციურად, ვართ ასპირატი ქვეყანა უკრაინასთან ერთად და ვართ იმ ჯგუფში, სადაც ფინეთი და შვედეთი აქამდე იყო, ამ ვითარებაში როცა საქართველო არ არის ბერლინში წარმოდგენილი ნატო-ს წევრებთან ერთად, ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკის და ეროვნული ინტერესების კუთხით საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს. ამ ვითარებაში, როცა შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება საქართველოსთვის და ქვეყანა უნდა იყოს ყველაზე აქტიური პარტნიორებთან ერთად იმ გეოპოლიტიკური პრობლემის დასაძლევად, რასაც რუსეთის აგრესია ჰქვია, ჩვენ ვართ ჩუმად და ეს არ არის დღის წესრიგში, ერთადერთი დღის წესრიგი არის ბიძინა ივანიშვილის ფინანსები, “ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის ბედი და მომავალი,”- განაცხადა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა გრიგოლეთში ორაგულის მეურნეობა დაათვალიერა
შემდეგი სტატია„დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი – ბოკერია