რუსუდან კერვალიშვილი მის დაპატიმრებას, სანაცვლოდ კი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას ითხოვს

მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია დექსუსის ხელმძღვანელი ივანე ცაგურია დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

მაია რჩეულიშვილი საბადრაგო სამსახურმა სასამართლოში ცოტა ხნის წინ უკვე მიიყვანა.

საუბარია თაღლითობის ბრალდებით 2013 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც “ცენტრ პოინტთან” ერთად, კიდევ 3 სამშენებლო კომპანიაა გარეული.

როგორც ჟურნალისტებს რუსუდან კერვალიშვილმა განუცხადა, ის მზად არის, მაია რჩეულიშვილისა და “ცენტრ პოინტის” თანამშრომლების გათავისუფლების სანაცვლოდ ციხეში წავიდეს.

“ვინაიდან მე სასარგებლო არ ვარ იმისთვის, რომ დაზარალებულებს მდგომარეობა შევუმსუბუქო, რომელსაც მთელი სიმძიმით ვგრძნობ. მოხარული ვიქნები, თუ შესაძლებელი იქნება, რომ პატიმრობაში ვიყო მე და დიდი სიხარულით გავიზიარო ჩემი თანამემამულეების ხვედრი, რომლებსაც სასჯელი შეფარდებული აქვთ, რათა სამშენებლო სექტორს საშუალება მიეცეს, გააკეთოს ის საქმე, რა ვალდებულებასაც ადამიანების მიმართ გრძნობენ”, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები – დაზარალებულები. სამივე ეჭვმიტანილს თაღლითობასა და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

საქმეში სულ 5 ეპიზოდია და ის დაუსრულებელ მშენებლობებს ეხება. პროცესი ერთი კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა რუსუდან კერვალიშვილის გამოუცხადებლობის გამო დღეისთვის გადაიდო.

“დღეს დაიკითხებიან სააკაძის მოედნის მობინადრეები – დაახლოებით 10-12 ადამიანი. სამი ბრალდებულია, მაია რჩეულიშვილია ამ ეტაპზე მეორე საქმეზე დაპატიმრებული, დანარჩენ ორს, რუსუდან კერვალიშვილსაც და ივანე ცაგურიასაც გირაო აქვთ შეფარდებული. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს“,- განაცხადა ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე კონტროლის პალატაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს