რუსთავში საახალწლო ღონისძიებები იმართება

რუსთავში ახალი წელი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში თოვლის ბაბუა ეტლით გადადგილდებოდა და პატარებს 31 დეკემბრის საახალწლო კონცერტზე მოსაწვევებსა და საჩუქრებს ურიგებდა. თოვლის ბაბუამ თავდაპირველად ცხენებიანი ეტლით რუსთავის მერიის მოედნიდან აიღო გეზი და ცენტრალური ქუჩების გარდა, ქალაქის გარეუბნებიც შემოიარა. ბავშვებისთვის განკუთვნილი საახალწლო საჩუქრებით, მას ეტლი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაუტვირთეს. “რუსთავის მერია სახალწლოდ პატარებს და არა მარტო პატარებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება. საახალწლო ღონისძიებები დღეიდან დავიწყეთ. დღეს თოვლის ბაბუა დადიოდა ქალაქის ქუჩებში და პატარებს საახალწლო საჩუქრებს ჩუქნიდა. ჩვენ შევეცადეთ, რომ ახალი წლის დადგომა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მიგველოცა, მათ სახლებში ვესტუმრეთ და საჩუქრები მივუტანეთ. ამასთან ერთად, რუსთავის მერია და საკრებულო პატარებს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში 3, 4 და 7 იანვარს საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟება, სადაც მათ ასევე საჩუქრები დაურიგდებათ”, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. საახალწლო ღონისძიებები ხვალ მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე დღის 12 საათზე დაიწყება, გალა – კონცერტი კი – 21 საათზე. საახალწლო გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თემურ ყვითელაშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, დათუნა მგელაძე, ნუცა ბუზალაძე, აჩი ნიჟარაძე, მუსიკალური ჯფუფები “დესპანი”, “მადაგონი””, “ცეცე””, “ყველა”, ასევე ფოლკლორული და ვოკალური ანსამბლები – “მე რუსთველი”, “თუთარჩელა”, “ფიროსმანი”. 24:00 საათზე შესრულდება მრავალჟამიერი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოსახლეობას ახალ წელს სცენიდან მიულოცავენ. ქალაქის ორი ლოკაციიდან: მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან და ჟიული შარტავას სახელობის მოედნიდან მოხდება ფოიერვერკის საზეიმო გასროლა. სადღესასწაულო პროგრამას ჯფუფ “Lოუდსპეაკერ”-ის კონცერტი დაასრულებს. საახალწლოდ რუსთავის ქუჩები სხვადასხვა სანათებითა და დეკორატიული განათებებით მოირთო, ნაძვის ხე კი ტრადიციულად მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე დაიდგა.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოზე სავაჭრო ცენტრთან კედელი ჩამოინგრა – დაზიანებულია 6 ავტომობილი
შემდეგი სტატია1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა