რუსთავში ქალაქის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

რუსთავში ქალაქის 70 წლისთავს ზეიმობენ. ქალაქის სტატუსი რუსთავს 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა. დილიდან რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქალაქი აკურთხა.
როგორც ”თაიმერს” რუსთავის მერიიდან აცნობეს, რუსთავის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა, რომლითაც რუსთავის მერიამ ქალაქის საიუბილეო წელი ოფიციალურად გახსნა.

ღონისძიება, რომელიც რუსთავის მერიის და ,,ეტალონის“ ინიციატივით მოეწყო, რუსთავის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა, მოგვიანებით, თეატრის დარბაზში ვიქტორინა გაიმართა, სადაც ქალაქის ისტორიის საუკეთესო მცოდნე- რუსთავის წლის ეტალონი მოქალაქე გამოვლინდა. ვიქტორინაში გიორგი მაღლაფერიძემ გაიმარჯვა და წლის ეტალონი რუსთაველის სტატუსი მიიღო.

ქალაქის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები, სხვა ოფიციალური სტუმრები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.
,,პირველ რიგში ყველას გილოცავთ ნათლისღებას, განსაკუთრებით, კი ჩემს თანამოქალაქეებს ვულოცავ, რადგან დღეს ჩვენი ქალაქის დაბადების დღეა. რუსთავი უძველესი ქალაქია, პირველი დასახლებების კვალი, ამ ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნით თარიღდება, მაგრამ ახალი ქალაქი აქ, სწორედ 70 წლის წინ, 1948 წლის 19 იანვრიდან არსებობს. დღევანდელი ღონისძიებით ოფიციალურად ვხსნით ქალაქის საიუბილეო წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს. დაბადების დღე კი, ახალგაზრდების ჩართულობით, ისეთი ღონისძიებით აღვნიშნეთ, რომელიც განათლებაზეა ორიენტირებული. დიდ მადლობას ვუხდი ,,ეტალონის” მთელ ჯგუფს, რომლებიც დღევანდელი დღის მოწყობაში დაგვეხმარნენ და წლის ეტალონი ექსკლუზიურად რუსთავისთვის გამოავლინეს,“- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შემოდგომაზე ,,რუსთავქალაქობის” აღნიშვნით დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა – “ევროპული საქართველო“ ხელისუფლებასთან უნისონში თავს ესხმის “რუსთავი2“-ს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს