რუსთავში 400 ჰექტარ მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქი და ინდუსტრიული ჰაბი აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის KAMKON INVESMENTS-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კანადური კომპანიის მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობას.

წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4 000-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმება, ხოლო მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.

„ეს არის ძალიან საინტერესო წინადადება. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ აღნიშნული პროექტის განვითარებას“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ.

მისი თქმით, კანადელი ინვესტორების არჩევანი რუსთავის მიმართ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ისტორიულ-საკადრო ექსპერტიზა, რომელიც რუსთავში წლების მანძილზე არსებობდა; ასევე ტერიტორიული სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან.

„მსგავსი ინდუსტრიული ქალაქები სხვა ქვეყნებშიც გვაქვს აშენებული, რომელთა ძირითად მიზანსაც სხვადასხვა პროფილის სამრეწველო საწარმოების ამოქმედება წარმოადგენს. ჩვენი ინტერესია სამშენებლო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ისეთიც, რომლებსაც საქართველოშიც მოიხმარენ,“ – განაცხადა კომპანია KAMKON INVESMENTS-ის დირექტორმა. ამირ ქაზემი ტაფრეშიმ.

შეხვედრას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშივერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა
შემდეგი სტატიასიონის ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება პატრიარქის სამადლობელ პარაკლისს აღავლენს