რუსთავის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა

რუსთავის ახლად არჩეულ საკრებულოში ორი ფრაქცია – ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნა. ფრაქცია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ მალხაზ კომლაძე უხელმძღვანელებს, ფრაქცია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი – ალექსანდრე ბერიძე.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების შექმნაზეც იმსჯელეს. რუსთავის საკრებულოში სულ 5 კომისია შეიქმნა. საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით, ამირან ჯანჯღავა აირჩიეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – გრიგოლ ვეფხვაძე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის – გოჩა ჯანგიძე, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის – გიორგი ტუხაშვილი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – დავით იშხნელი.

სხდომის მიმდინარეობისას, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს. როგორც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გურამ ლაცაბიძემ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, პარტიას ერთიანი პოზიცია აქვს 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით იმაზე, რომ არჩევნებმა არადემოკრატიულ გარემოში ჩაიარა და სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას კიდევ ერთ მოადგილედ ლევან კაკავა დაინიშნა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე ლარის კურსის საკითხს განიხილავენ