რუსთავის საკრებულოში ისევ ხმაური იყო. “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატები სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მათ კანონმდებლობით დარბაზში შესვლის და სხდომის ჩატარების უფლება აქვთ, რის შესაძლებლობასაც საკრებულოს აპარატი არ აძლევთ.
როგორც რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსმა არჩილ ძამაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ენმ-ს დეპუტატებს არ აქვთ უფლებამოსილება სხდომის ჩატარების. ადგილი ჰქონდა აპარატის უფროსსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც.
“საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე, არ არის შექმნილი ფრაქციები და კომისიები, სწორედ თავმჯდომარე, კომისია ან ფრაქციაა უფლებამოსილი მოითხოვოს დარბაზში სხდომის ან შეკრების ჩატარება, მათ კი ამის უფლებამოსილება არ აქვთ“, – განაცხადა არჩილ ძამაშვილმა.