რუსთავის საკრებულომ კომპანია ,,ინტერტრანსს“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა ერთი წლით გაუხანგრძლივა

რუსთავის საკრებულომ კომპანია ,,ინტერტრანსს“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა ერთი წლით, 2018 წლის 1 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელეს, რომელიც რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალი) შევსებისა და მისი ფორმის დამტკიცებას ეხებოდა.
განხილვის შემდეგ დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11 მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანას 2018 წლის 1 დეკემბრამდე, კვლავ კომპანია “ინტერტრანსი” უზრუნველყოფს.

როგორც სხდომის მიმდინარეობისას მერიის ზედამხედველობის სამსახურის ტრანსპორტის კონტროლის განყოფილების უფროსმა დაჩი გიორგაძემ განაცხადა, ვინაიდან ამ ეტაპზე არ არსებობს სხვა რეალური ალტერნატივა, იმისათვის, რომ მგზავრთა გადაყვანა სხვა კომპანიამ განახორციელოს, სასურველია, რომ ,,ინტერტრანსს“ საკრებულომ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა კიდევ ერთი წლით დართოს.
აღნიშნული საკითხის გადაჭრის მიზნით რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც დეპუტატი გურამ კვარაცხელია უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფის მთავარი ამოცანა იქნება მოიძებნოს სხვა კომპანია, რომელიც ,,ინტერტრანსის’’ მსგავსად მგზავრების მომსახურებას ხარისხიანად და უსაფრთხოდ შეძლებს. სამუშაო ჯგუფი შიდა საქალაქო ტრანსპორტსაც გააკონტროლებს და საკრებულოს პერმანენტულად სამ თვეში ერთხელ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

banner
წინა სტატიაში2017 წელს „ქართული ოცნება” შევიდა გვიანი აბსოლუტიზმის ფაზაში, რაც ხასიათდება უკონტროლობით, თვითტკბობით და პრობლემების მიმართ გაუცხოებით
შემდეგი სტატიაპანკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია