რუსთავის მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე იმ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა. რუსთავის მერმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი ტაბაღუა დაზარალებულ მოსახლეობას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დაპირდა.

„უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი. იმ ოჯახებს, რომლებიც წუხანდელი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ზარალი აუნაზღაურდებათ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, აღნიშნული კორპუსის მე-5 სადარბაზოში, პირველ სართულზე ერთოთახიან ბინაში, მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.

30 წლის ქალი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს, თუმცა, ის მალევე გარდაიცვალა, კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი ქალი, რომელიც მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა.

კვამლით ინტოქსიკაციით, წუხელ გვიან ღამით, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის სახლში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : იმის თქმა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოუმზადებელია, არასერიოზულია
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, მოსწავლის მკვლელობისთვის ბრალდებული მოზარდი, რომელიც გამოძიებას თავად ჩაბარდა, გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხავთ