რუსთავის მერი – ავტოფარეხის დემონტაჟის პროცესთან მუნიციპალიტეტის მერიას და მერიის სამსახურებს შემხებლობა არ ჰქონიათ

მე-19 მიკრორაიონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ბრიფინგი გამართა.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ავტოფარეხის დემონტაჟის პროცესთან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და მერიის სამსახურებს შემხებლობა არ ჰქონიათ. ავტოფარეხის დემონტაჟს ფიზიკური პირი კერძო კომპანიასთან ერთპიროვნული მოლაპარაკების საფუძველზე აწარმოებდა.

მისი თქმით, ჰქონდა თუ არა დემონტაჟის პროცესში ტექნიკური ნორმების დარღვევას ადგილი, რამ გამოიწვია ჟანგბადის ბალონის აფეთქება და ვის დაეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

,,კომპანიას, რომელიც დემონტაჟს ახორციელებდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ეს სამუშაოები ხორციელდებოდა ორ პირს შორის მოლაპარაკების საფუძველზე. ამასათან დაკავშირებით, როგორც ვიცით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია 240-ე მუხლით და თუ რა ნორმები უნდა დაცულიყო ამ პროცესში, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და ის შედეგი, რა შედეგიც დადგა და რა ზარალიც მიადგა მოსახლეობას, მიიღეს მრავლობითი დაზიანებები, რაც ყველაზე მტკივნეულია, გამოძიების შედეგად დადგინდება“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

მანვე გამოჩენილი ოპერატიულობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა რუსთავის კლინიკების ექიმებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს, მაშველებსა და საპატრულო პოლიციას.

რუსთავის მერის თქმით, მერია არ დაელოდება გამოძიების დასრულებას და მოსახლეობას მიყენებულ მატერიალურ ზიანს თავად აუნაზღაურებს, მანამდე, სანამ მომხდარში ვინმეს კონკრეტული ბრალეულობა გამოიკვეთება.

გუშინ რუსთავში მე-19 მიკრორაიონის #14 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ავტოფარეხის დემონტაჟის დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 15 ადამიანი, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. დაშავებულებიდან სამი მოზარდი ამ დრომდე კლინიკა ,,რუსთავში“ რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათ გუშინ ოპერაციები ჩაუტარდათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

კლინიკა ,,რუსთავში“ გუშინ სულ 11 დაშავებული მიიყვანილი, მათგან ორი თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 9 წლამდე ასაკის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება მეორე მოზარდს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას იაშვილის სახელობის კლინიკაში გადის.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან უკვე გაეწერა 4 პაციენტი, რომელთაც სხეულზე აფეთქების შედეგად მიყენებული მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიზაალ ანჯაფარიძე – ცესკოს კრიტიკა აქტუალური აღარ არის
შემდეგი სტატიაშვილმოკლული მამების აქციაზე ინციდენტი მოხდა