ხმაური იყო რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
სიტყვიერი შელაპარაკება მსჯავრდებულის მხარდამჭერებსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შორის მოხდა. როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები კვადროციკლებით გადაადგილდებიან, რაც იწვევს ხმაურს, შესაბამისად, მათ მიერ ადგილზე გამოთქმული მოსაზრებებს ვერ აჟღერებენ და ვერ აწვდიან ხმას გარედან ციხეში მყოფ პატიმრებს. აქციაზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები კვადროციკლით ხმაურს განგებ იწვევენ.
„რამდენჯერ უნდა გაიაროს [კვადროციკლმა], ერთხელ ორჯერ, რამდენჯერ უნდა გაიაროს? არ გამოვხატოთ პროტესტი? ცოცხებით მოვსულიყავით აქ? რეჟიმს რომ ემსახურებით ვერ ხვდებით?“- აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
თავის მხრივ, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ისინი აქციის მონაწილეებს აქციის გამართვაში ხელს არ უშლიან, არ ზღუდავენ და თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.
ცნობისთვის, რუსთავის მე-6 დაწესებულებასთან მსჯავრდებულის ოჯახის წევრების და მისი მხარდამჭერების აქციის გამართვის მიზეზი თავად მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებაა. მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.








