რუსთავის ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია

დღეს რუსთავში, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 48 ოჯახს, სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაუტანეს.
საგულისხმოა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დევნილთა მოწყვლად ჯგუფებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ერთი წელია ა(ა)იპ-ი „სოციალური სოლიდარობისათვის“ მეშვეობით, განუწყვეტლივ ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების აქციას. დღემდე დახმარება გაეწია 5000-ზე მეტ ადამიანს. მიზნობრივ ჯგუფებს შეადგენენ სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ხანდაზმულები, ვეტერანები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. სასურსათო პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა მიერ ნებაყოფლობით ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან გაღებული სახსრებით ხორციელდება.
აღნიშნულ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ დევნილებს დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ. გაიმართა გულღია დიალოგი, რომელშიც სტუმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქალაქ რუსთავის მერის მოადგილემ კახა ბურდულმა და ჯონდო გოგლიძემ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – მრჩება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტი, რომელიც დაიდო მაგიდაზე, „ქართულ ოცნებასთან“ შეჯერებულია, ამის გარკვევას აუცილებლად ვაპირებ, რადგან ეს ამახინჯებს პროცესს
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: პატრიარქი მეორედ მოსვლის თემით ქართველ ერს აშანტაჟებს