რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. საპატიმროსთან იმყოფებიან მისი პოლიტიკური თანამოაზრეები, მეგობრები და ოჯახის წევრები.
შეკრებილები ამ ფორმით ულოცავენ ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღეს – მიხეილ სააკაშვილს 58 წელი საპატიმროში, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში შეუსრულდა.
აქციის მონაწილეებს ხელში მიხეილ სააკაშვილის ბანერები და სიმბოლურად ვარდები უკავიათ.
“დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა. 58 წლის გახდა, მოგეხსენებათ და მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს საჭიროდ აქ ყოფნა დღეს. ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანების. თუ რამე გაუკეთებია ჩემს შვილს, გააკეთებინა ქართველი ხალხის სიყვარულმა და რწმენამ. ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს განსაკუთრებული ერია, განსაკუთღებული შესაძლებლობების, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ეს ნიჭიერება, ეს ძალა, ეს ენერგია არის გამომწყვდეული ამ დაწესებულებაში, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ვერ გაგრძელდება”, – თქვა გიული ალასანიამ.
რუსთავის ციხესთან იმყოფება მხატვარი გია ბუღაძეც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ის პიროვნება, რომელიც ისტორიას ქმნიდა და ქმნის და ამიტომ მისი ციხეშ ტუსაღად ყოფნა არასწორია.
“სწორედ მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული ის, რომ დღეს სახელმწიფოს გარკვეული ფუნქციები გააჩნია. ისტორიას ქმნიან პიროვნებები და ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც ისტორიას ქმნიდა და ქმნის და მისი ციხეში ტუსაღად, ტყვედ ყოფნა, ამ შემთხვევაში, ამ ისტორიის არასწორი მიმართულებაა”, – ამბობს გია ბუღაძე.
მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაზე საუბრობს მეცნიერი იულონ გაგოშიძეც.
“სახელმწიფოს შემოქმედია, მაგან შექმნა, მაგან და მაგისმა ჯგუფმა… მაგის ხელმძღვანელობით შეიქმნა ეს”, – ამბობს იულონ გაგოშიძე.
















