რუსთავი2 პროდასავლურ პარტიებს უფრო მეტ საეთერო დროს გამოუყოფს

gvaramia_51“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია პროდასავლურ პარტიებს უფრო მეტ საეთერო დროს გამოყოფს.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ “რუსთავი 2” ყოველთვის აძლევდა პროდასავლურ ძალებს საშუალებას, საზოგადოებამდე მიეტანათ სათქმელი და მომავალში მათ ამის საშუალებას უფრო ხშირად მისცემს.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მედიის როლი და განსაკუთრებით პროდასავლური მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენი მედიის როლი და განსაკუთრებით მთავარი პროდასავლური მედიის, ნაციონალური მედიებიდან ერთადერთი პროდასავლური მედიის როლი იქნება გადამწყვეტი. “რუსთავი 2”-ის ფასმა აიწია 10-ჯერ იმიტომ, რომ “რუსთავი 2” დარჩა ერთადერთი ფანჯარა ევროპაში, სადაც ყველა ამ ადამიანმა, მათ შორის “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმიტომ, რომ პარლამენტში საუბარი ვერაფერს ვერ იზამს, თუ ეს ფართო ეთერებში არ მოხვდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც და სხვა პროდასავლური ძალები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი “რუსთავი 2”-ზე, ეს პარტიები ყოველთვის იყვნენ და კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან წარმოდგენილები მომავალში. ეს არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის არხი. დღეიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმალური პრეტენზიის საშუალება მივცეთ ვინმეს იმის სათქმელად, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” ან მიხეილ სააკაშვილის არხია. ეს არის ყველა პროდასავლური პარტიის არხი და აქ ყველანი იქნებიან წარმოდგენილები”, – განაცხადა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ამასთან, ის არხზე გასული ეგზიტპოლებისა და ცსკ-ის მონაცემებს შორის არსებულ დიდ ცდომილების მიზეზებს ხსნის და აცხადებს, რომ ამის მიზეზი არჩევნებზე არსებული გაყალბებაა.

“იმ პარტიას, რომლის სასარგებლოდაც ხდებოდა გაყალბება ამ არჩევნებზე, ჩვენს ეგზიტპოლებში ჰქონდა, დაახლოებით, 10%-იანი განსხვავება, ხოლო იმ პარტიის მონაცემები, რომლის წინააღმდეგაც ხდებოდა გაყალბება, ცდომილება მინუს 5%-ია. “იმედზე” ჩატარებული ეგზიტპოლებში დაწერილი 54% კი იმ პარტიას, რომლის სასარგებლოდაც ხდებოდა გაყალბება, თვით ცსკ-მაც ვერ დაუწერა ეს მაჩვენებელი, ხოლო ვის წინააღმდეგაც ხდებოდა გაყალბება, იმ პარტიას იმედის ეგზიტპოლებით მიღებული 19%-ის ნაცვლად ცსკ-მ 28% დაუწერა. ეს არის გაუგონარი შედეგები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში(video) ქართულმა ოცნებამ, დაახლოებით, იმდენი ხმა აიღო ახლა, რაც ენმ-მ 2012 წელს
შემდეგი სტატიანიკა მელია:ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოწამლა წინასაარჩევნო გარემო