რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო. შესაბამისად 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2019 წლის 9 დეკემბერს იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების [ლევან და გიორგი ყარამანიშვილები] საჩივარი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების დიდი პალატის მიერ გადასინჯვა იყო მოთხოვნილი.

18 ივლისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა
შემდეგი სტატიადავით ქაცარავა: მოცემულ ვიდეოზე ჩანს, როგორ უპრობლემოდ კვეთენ ოკუპანტები მათ მიერვე დაწესებულ საოკუპაციო ხაზს და გადმოდიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე